კორეაში ქართული კინოს დღეები გაიხსნა
სეულში 22 ოქტომბერს, Korean Film Archive-ში ქართული ფილმების დღეები საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს, მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა მიმართა. მან კორეის მხარეს პროექტის განხორციელების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება ორ ქვეყანას შორის, კულტურის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ფილმის ჩვენებაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.
ქართული ფილმების დღეები კორეის რესპუბლიკაში პირველად ტარდება და 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მასზე, კორეული სუბტიტრებით, ნაჩვენები იქნება ცნობილი ქართველი რეჟისორების ხუთი ფილმი: გიორგი შენგელაიას „ფიროსმანი“, ლევან თუთბერიძის „მოირა“, რუსუდან გლურჯიძის „სხვების სახლი“, მარიამ ხაჭვანის „დედე“ და ანა ურუშაძის „საშიში დედა”.
ღონისძიება ტარდება საქართველოს საელჩოს და Korean Film Archive-ის ორგანიზებით, ასევე, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.