ალიკანტეს ქართული სახლი, ალიკანტეს მოქმედი დიასპორა დღეს 20 წლის იუბილეს აღნიშნავს

ალიკანტეს ქართული სახლი, ალიკანტეს მოქმედი დიასპორა, რომელიც მრავალი წელია თავდაუზოგავად იღვწის საქართველოს, მისი ისტორიისა და კულტურის, ჩვენი მშობლიური ენის პოპულარიზაციისა და 5 ათასი კილომეტრით სამშობლოსგან დაცილებულ ემიგრანტთა კეთილდღეობისთვის, დღეს 20 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამასთან დაკავშირებით, 14 იანვარს, 20 საათზე, ყველა თანამემამულეს გეპატიჟებათ დიასპორის 20 წლის იუბილესა და ძველი კალენდრით ახალი წლის ზეიმზე.

„უხვად არსებული დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ დაუღალავ საქმიანობას, რასაც ქართული სულის, ფესვებისა და ღირებულებების შენარჩუნება ჰქვია, ვაცნობთ ესპანეთს ჩვენი მიწა-წყლის ტრადიციებს, კულტურულ და ისტორიულ საუნჯეებს, უცხო ქვეყანაში დაბადებულ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს ვუნარჩუნებთ ენას, მამულის სიყვარულს, ვასწავლით წარსულისადმი პატივისცემას, ვაზიარებთ ქართულ კულტურას, ფოლკლორს, ფასულობებსა და ადათ-წესებს.

მოგეხსენებათ, ოქტომბერში დიასპორასთან არსებულმა ქართული ცეკვის სტუდიამ ახალი შემადგენლობით დაიწყო მუშაობა და კიდევ არაერთხელ გაახარებს ჩვენს ქართველ და უცხოელ სტუმრებს თვალწარმტაცი გოგო-ბიჭების მგზნებარე თუ ნარნარი ცეკვით, გრაციით, კდემითა და სიფიცხით, ქართული ბუნების ამსახველი საკონცერტო ნომრებით.

14 იანვარს, 20 საათზე, გეპატიჟებით ყველა თანამემამულეს დიასპორის 20 წლის იუბილესა და ძველი კალენდრით ახალი წლის ზეიმზე.

დიდი პატივისცემითა და სიყვარულით გაგიმასპინძლდებით ტბილეულითა და ქართული ღვინით და, რა თქმა უნდა, წარმოგიდგენთ ჩვენი პატარების შემოქმედებას, რომელიც უთუოდ მოგხიბლავთ!

მისამართი:CALLE ARAGON -2,BAJO“, – ნათქვამია ალიკანტეს მოქმედი დიასპორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები