მიუნხენის საკვირაო სკოლაში დიასპორული პროექტის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა
26 ნოემბერს, მიუნხენის საკვირაო სკოლაში დიასპორული პროექტის „კულტურული ღონისძიებები საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისათვის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის მიერ დაიდგა სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“ (რეჟისორები: დიმიტრი ხვთისიაშვილი, გია მარღანია). მაყურებლის წინაშე წარდგნენ ქეთევან დუმბაძე, რომელმაც ნოდარ დუმბაძის შემოქმედება გააცნო ემიგრანტ მოზარდებს და მსახიობი ია შუღლიაშვილი; შესრულდა ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის, ინოლა გურგულიას მუსიკალური ნაწარმოებები.
„ვინაიდან მწერალთა სახლის პროგრამის თანახმად დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავება პრიორიტეტული საკითხია, ქეთევან დუმბაძეს საშუალება ჰქონდა დიასპორების ხელმძღვანელებთან გაემართა მოლაპარაკებები მწერალთა სახლის მიერ შემუშავებულ პროექტზე „მოგზაურობა სამშობლოში“, რომელიც გულისხმობს დიასპორელი ბავშვების ჩამოყვანას საქართველოში, მათთვის მოწყობილ საზაფხულო ბანაკში, სადაც პედაგოგებად დასაქმდებიან მწერლები და გიდობასაც გაუწევენ მოზარდებს.
აღსანიშნავია, რომ მიუნხენში ვიზიტამდე ქეთევან დუმბაძე იტალიის ქალაქ ბარის სტუმრობდა მოზარდ მაყურებელთა თეატრთან ერთად, როგორც გამარჯვებული პროექტის „კულტურული ღონისძიებები საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისთვის“ მონაწილე, საკვირაო სკოლებში დიასპორელი ბავშვებისთვის გაკვეთილის ჩასატარებლად და საბავშვო პოეზიის გასაცნობად“, – ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.