საქართველოს საელჩო ისრაელში განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საელჩო ისრაელში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საგანგებო განცხადებას ავრცელებს:
“ვრცელდება უსაფუძვლო ინფორმაცია, რომ ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი იკეტება!
ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი განაგრძობს მუშაობას!
რაც შეეხება ისრაელი საქართველოს მიმართულებით ფრენებს, გვაქვს რამდენიმე სიახლე:
როგორც ცნობილია კომპანია “ჯორჯიან ეარვეისმა” განაცხადა, რომ კომპანია 22 ოქტომბრიდან აჩერებს ფრენებს თელ-ავივის მიმართულებით, რაც დაკავშირებულია საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების ცალკეულ რეგულაციებთან.
თუმცა ისრაელში მცხოვრები თანამემამულეების და სხვა დაინტერესებული საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ინარჩუნებენ და რეგულარულად ახორციელებენ ისრაელის ავიაკომპანიები :
– ელ ალი
– ისრეარი
– აირკია.
ამასთან, კომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” ამატებს ყოველდღიურ რეისებს ლარნაკა-თბილისის მიმართულებით და ამ ტრანზიტული მარშრუტით სარგებლობა ასევე შეეძლებათ ისრაელიდან საქართველოში გამგზავრების მსურველთ.
თქვენი ინფორმაციისთვის თან ვურთავთ ფრენების განრიგს.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში, ისრაელი-საქართველოს მიმართულებით შესრულებულ რეისებზე (როგორც “ჯორჯიან ეარვეისის”, ისე – ელ ალის, ისრეარის და აირკიას მიერ) შეინიშნებოდა დაბალი მოთხოვნა და იყო თავისუფალი ადგილები”, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.