„გზის დასასრული“ ახმეტელის თეატრის დასი სპექტაკლის პრემიერას სტამბოლში გამართავს

12 ოქტომბერს, თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრის დასი პრემიერას „გზის დასასრული“ სტამბოლში – მალთეფეს მეხუთე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარადგენს.

ცნობილი თურქი დრამატურგის თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესა „გზის დასასრული“ ქართულ სცენაზე პირველად განხორციელდება, სპექტაკლის რეჟისორი ირაკლი გოგიაა, კომპოზიტორი – მეჰრან მირმირი და მასში მსახიობები – ჯორჯი დვალიშვილი, ანანო გულედანი და ბუკა ღლონტი მონაწილეობენ.

პიესაში ავტორი ასახავს 1967 წელს, საბერძნეთში განვითარებულ მოვლენებს – სამოქალაქო დაპირისპირება და ახალი ხელისუფლება, დაკავებული მწერლები, მსახიობები და ჟურნალისტები… ამ მოვლენებიდან შვიდი წლის შემდეგ სამი ახალგაზრდა ადამიანის ირგვლივ წრე იკვრება – ჯალათი და მსხვერპლი ადგილებს ცვლიან…

რეჟისორი ირაკლი გოგია: – ჩვენ განაკუთრებული ურთიერთობები გვქონდა თუჯერ ჯუჯენოღლუსთან, მისი პიესის “ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა“ მსოფლიო პრემიერა 2018 წელს სწორედ ჩვენს თეატრში შედგა, შემდეგ ამ სპექტაკლით ჩვენ არა ერთი ჯილდო მივიღეთ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე. ახლა მისი პიესა “გზის დასასრული“ პირველად იდგმება ქართულ სცენაზე და მნიშვნელოვანია რომ პრემიერას დრამატურგის სამშობლოში – თურქეთში წარმოვადგენთ.“

სპექტაკლის ქართული პრემიერა 27, 28 ოქტომბერს, 19 საათზე, ახმეტელის თეატრში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები