ბელგიაში საერთაშორისო ფესტივალის „ევროპალია-საქართველო“ გახსნას ფრანგულენოვანმა ონლაინ მედიამ „Histoires Royales“ სტატია მიუძღვნა
ბელგიაში საერთაშორისო ფესტივალის „ევროპალია-საქართველო“ გახსნას ფრანგულენოვანმა ონლაინ მედიამ „Histoires Royales“ სტატია მიუძღვნა სათაურით – „მეფე ფილიპე და დედოფალი მატილდა ევროპალიას გახსნაზე ქართულ ავანგარდისტულ ხელოვნებას ეცნობიან“.
სტატიაში ნათქვამია, რომ ბრიუსელის ხელოვნების მუზეუმში (ბოზარი) ქართული ავანგარდისტული ხელოვნებისადმი მიძღვნილი გამოფენა ბელგიის მეფე ფილიპემ და დედოფალმა მატილდამ გახსნეს. აღნიშნულია, რომ წელს „ევროპალია-2023“ საქართველოს მიაგებს პატივს და მას ფესტივალის მნიშვნელოვან გამოფენებს შორის მიაკუთვნებს ადგილს.
ავტორი მიმოიხილავს ბრიუსელის ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილ გამოფენას – “ავანგარდი საქართველოში – 1900-1936“ – რომელიც ევროპაში პირველად იმართება და აერთიანებს 25 მხატვრის 300-ამდე ექსპონატს, როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის მუზეუმებიდან და კერძო კოლექციებიდან. ნათქვამია, რომ გამოფენა 2024 წლის იანვრამდე ღია იქნება ფართო საზოგადოებისთვის.