ჰააგაში საელჩოების ფესტივალში საქართველოს წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა

2023 წლის 2 სექტემბერს, ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ჰააგაში საელჩოების ფესტივალი გაიმართა, სადაც 52 ქვეყანასთან ერთად, საქართველოს წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული კულტურის მრავალფეროვნება – მათ შორის სხვადასხვა დასახელების ღვინოები, ტრადიციული კერძები, ხალხური რეწვის ნიმუშები, სამკაულები და ხელნაკეთი ნამუშევრები. დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, მიეღო ინფორმაცია საქართველოს კულტურული ღირებულებებისა და ტურისტული პოტენციალის შესახებ.

ტრადიციულად, ჰოლანდიელებისა და უცხოელი ტურისტების ყველაზე გრძელი რიგი საქართველოს პავილიონთან დადგა. ვიზიტორების გარდა, ქართულ სტენდს არაერთი სტუმარი ეწვია. მათ შორის იყო ქალაქ ჰააგის მერი, იან ვან ზანენი, რომელსაც ერთგვარი გიდობა საქართველოს ელჩმა დავით სოლომონიამ გაუწია. მერმა მადლობა გადაუხადა ქართველ მონაწილეებს განსაკუთრებული ატმოსფეროს შექმნისთვის და ფესტივალის კულტურული ლანდშაფტის გამდიდრებაში შეტანილი წვლილისთვის. მან აღნიშნა, რომ ჰააგა, როგორც მშვიდობისა და მართლმსაჯულების ქალაქი, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კულტურულ ღონისძიებებს და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ტრადიციული აქტიურობა მომავალ ფესტივალებზეც გაგრძელდება.

ნიდერლანდების სამეფოში, ფესტივალი, სადაც ქართული დიასპორული ორგანიზაციები, საელჩოსთან ერთად, სტუმრებს საკუთარი ქვეყნის ტრადიციებს აცნობენ, ყოველწლიურად სექტემბერში იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები