ეროვნულ გალერეაში ჩინგიზ ფარზალიევის პერსონალური გამოფენა – „დროის საფეხურებზე“ გაიხსნა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა ცნობილი აზერბაიჯანელი მხატვრისა და საზოგადო მოღვაწის, ჩინგიზ ფარზალიევის პერსონალური გამოფენა – „დროის საფეხურებზე“. გამოფენისთვის გამოიცა ამავე სახელწოდების კატალოგიც.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის ხანგრძლივი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში შექმნილი მდიდარი კოლექციის მხოლოდ მცირე ნაწილი. ჩინგიზ ფარზალიევის ხელოვნება ცნობილია შთამბეჭდავი პეიზაჟებით, ნატურმორტებითა და ნამუშევართა ფილოსოფიური შინაარსით.

გამოფენა „დროის საფეხურებზე“ ჩინგიზ ფარზალიევს გვაცნობს არა მხოლოდ როგორც მხატვარს, არამედ როგორც საზოგადო მოღვაწეს, რომელიც ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საკითხებსა და ზნეობრივ ღირებულებებზე ესაუბრება თავის მრავალრიცხოვან  აუდიტორიას.

ჩინგიზ ფარზალიევი  დაიბადა 1943 წელს. 1973 წელს დაამთავრა ვ. სურიკოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტის ფერწერის ფაკულტეტი. 2008 წლიდან აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორია, 2010 წლიდან  – აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნული მუზეუმის დირექტორი. გამორჩეული ხელოვანი და საზოგადო მოღვაწე არაერთი საერთაშორისო აკადემიური რეგალიის, ორდენისა თუ ჯილდოს მფლობელია. ის არის კემბრიჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო საინფორმაციო-ბიოგრაფიული ცენტრისა და  ვ. სურიკოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტის  საპატიო პროფესორი; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საპატიო დოქტორი. მსოფლიო კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა ჰანოვერის ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის საპატიო მოღვაწის წოდება. ავსტრიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის ხელოვანი დაჯილდოვდა ღირსების  ორდენით. იგი ასევე არის საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს – ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი; აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებულია დიდების ორდენით; ხელოვნებასა და ლიტერატურაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცა საფრანგეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი. ამის გარდა, ჩინგიზ ფარზალიევი არის ათათურქის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი, დაჯილდოებულია ნიზამი განჯევის მედლით.

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ჩინგიზ ფარზალიევის პერსონალურ გამოფენას 10 მაისამდე უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები