ვნების კვირის დიდი ორშაბათი

ვნების კვირა აღდგომის წინა კვირას ჰქვია. ეს კვირა (უფრო სწორად, 6 დღე) იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას ეძღვნება. ქრისტიანებმა მთელი ეს პერიოდი მარხვასა და ლოცვაში უნდა გაატარონ. ეს გლოვის დღეებია და ღვთისმსახურებსაც ტაძარში სამგლოვიარო, შავი სამოსი აცვიათ.

მოსაგონებელი მოვლენების უდიდესი მნიშვნელობის გამო ვნების კვირის ყოველ დღეს დიდს ვუწოდებთ.

ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი იესო ქრისტეს მოწაფეებსა და ხალხთან უკანასკნელი საუბრების გახსენებას ეძღვნება. ამ დღეებში მსხვერპლშეწირვა არ ხდება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ დღეებში დაემთხვევა ხარება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა) და აღევლინება მხოლოდ პირველშეწირულ ძღვენთა ლიტურგია, რომელთა დროსაც სახარება სრულად იკითხება.

დიდი ორშაბათი

დიდ ორშაბათს ეკლესია უნაყოფო ლეღვის გახმობას იხსენებს. ეს ლეღვი იმ იუდეველთა სახეა, რომელთა გულშიც იესო ქრისტემ ჭეშმარიტი ნაყოფი ვერ პოვა – იქ მხოლოდ კანონების მშრალი აღსრულება დახვდა. ამიტომაც ამხილა ისინი და დაგმო. მაგრამ უნაყოფო ლეღვი ასევე ყველა იმ ქრისტიანის სულის სიმბოლოცაა, რომელიც სინანულის ნაყოფს არ ისხამს. ეკლესიაც დიდ ორშაბათს სწორედ სინანულისკენ მოგვიწოდებს.

ლიტურგიაზე წასაკითხი სახარებით წმინდა ეკლესია ღვთისაგან გამდგომილი იუდეველების ბედსა და იესო ქრისტეს მიერ აღწერილ სამყაროს აღსასრულს გვახსენებს. დიდ და მრავალრიცოვან განსაცდელთა, იერუსალიმის დანგრევისა და სამყაროს აღსასრულის ნიშნების აღწერით ეკლესია მორწმუნეებს ამქვეყნიურ ბოროტებაზე ამაღლებისკენ, სულგრძელობისკენ, სიმშვიდისკენ, მოთმინებისკენ, ლოცვისა და სულიერი სიფხიზლისკენ მოუწოდებს და მაცხოვრის მიერ სახარების მთელ ქვეყენაზე გავრცელებისა და რჩეულთა გულისთვის განსაცდელთა შეწყვეტის აღთქმით ანუგეშებს (მთ. 24,14-22).

ტროპარი

აჰა ესე სიძე მოვალს შუაღამესა და ნეტარ არს მონაი იგი,რომელი იპოვოს მღვიძარე,ხოლო ვაი არს მონისა მის,რომელი იპოვოს უდებებით;იხილე სულო ჩემო და ნუ გრულის ძილისათვის,რაითა არა გამოვარდე სასუფევლისაგან,არამედ აღიმსთვე შუაღამესა და ხმობდი:წმინდა ხარ,წმინდა ხარ,წმინდა ხარ შენ,ღმერთო ჩუენო,ღმრთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

კონდაკი

იოსებისა წარწყმედასა იგლოვდა მწარედ იაკობი,ხოლო მას დაედგნეს ახოვნებისა შარავანდედნი და მეფობდა ამისთვის,რამეთუ არა დაამონა გულსთქუმა თვისი მეძავისა ნებასა და სამართლად იდიდა იგი გულთმეცნიერებისა ღმრთისაგან,და მიეცა გვირგვინი უხრწნელებისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები