ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის დღესასწაულზე ტაძართან არსებულ ქართულ საკვირაო სკოლას საზეიმოდ გაიხსნება

 2023 წლის 15 თებერვალს, მირქმა – მიგებების დღესასწაულზე, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბას (ინწკირველი) ლოცვა-კურთხევით და დახმარებით, ტორონტოს ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მრევლმა, კანადაში ემიგრანტების დახმარებით, შემოწირულებითა და დეკანოზი თომა ბეკურიშვილის ხელმძღვანელობით, დიდი ხნის ნანატრი ოცნება აისრულა – ამავე ტაძრის შენობის გვერდით, საკვირაო სკოლისათვის მიწა და შენობა შეიძინა.

კანადაში ეკლესიასთან არსებული პირველი ქართული საკვირაო სკოლის მცირე ისტორია კი ასეთი გახლავთ: 2010 წელს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი) ლოცვა-კურთხევით, კანადაში გაიხსნა პირველი ქართული ტაძარი, რომელიც განთავსდა ანგლიკანური ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი მცირე ზომის ტაძრის შენობაში. ამავე წელს კანადაში ქართულ ტაძართან არსებული პირველი ქართული საკვირაო სკოლა დაარსდა.

თავდაპირველად რელიგიის, ქართული ენისა და სიმღერის გაკვეთილები ტარდებოდა მცირე ეკლესიის სარდაფში, სადაც ერთ ოთახში იყო განთავსებული სკოლა, მშობლების მოსაცდელი და სატრაპეზო ადგილიც. მოგვიანებით, 2015 წლიდან, ბავშვების მზარდი რაოდენობის გამო, კოლის კლასები გაფართოვდა.  საკვირაო სკოლა გადავიდა გვერდით მდგომი ანგლიკანური ეკლესიის სარდაფში არსებული საბავშვო ბაღის ნაქირავებ ოთახებში.

2021 წელს  ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მრევლმა, კანადის ემიგრაციამ და სხვა  მართლმადიდებელმა მორწმუნეებმა, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საბას ლოცვა-კურთხევით, შეიძინეს ტაძრის შენობა. ახალ შენობაში ადგილის სიმცირის გამო, საკვირაო სკოლისათვის მხოლოდ ორი საკლასო ოთახის გამოყოფა მოხერხდა. ისევ მწვავედ დადგა სკოლის გაფართოების საკითხი, ამჯერად ქართული ეკლესიის შენობის გარშემო.

2022 წელს, ტორონტოს მახლობლად ახლად შეძენილი ქართული ეკლესიის მეზობლებმა გადაწყვიტეს, თავიანთი სახლის და მიწის ნაკვეთის გაყიდვა. რამდენიმე მოლაპარაკების შემდეგ კანადელმა მოხუცმა წყვილმა, რომელიც მთელი ცხოვრება სკოლაში მუშაობდა, გადაწყვიტა ქართული ეკლესიისათვის  საკუთარი სახლი მიეყიდა იმ პირობით, თუ ეს შენობა და მიწა სკოლისა და ეკლესიისათვის იქნებოდა გამოყენებული. ამასთან,  მეპატრონეებმა გააკეთეს დიდი შესაწირი და  სახლის ღირებულების 18% დააკლეს საწყის ფასს.

ისევ ქართველი ემიგრანტების დიდი ძალისხმევითა და შრომით,  ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საბას დახმარებით, შესაძლებელი გახდა ყიდვის ხელშეკრულების გაფორმება და 15 თებერვალს სახლი ეკლესიის და ქართული საკვირაო სკოლის მფლობელობაში გადავიდა.

„2023 წლის 25-26 თებერვალს, ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის დღესასწაულზე  ტაძართან არსებულ ქართულ საკვირაო სკოლას  საზეიმოდ გახსნის  ჩრდილოეთ ამერიკის  ეპისკოპოსი საბა.

2023 წლის მარტიდან საკვირაო სკოლის კლასები  განთავსდება ახალ შენობაში, სადაც ამჟამინდელ მდგომარეობით, დამატებით ოთხი საკლასო ოთახის მოწყობაა შესაძლებელი. 2023 საგაზაფხულო სასწავლო წლის დამთავრების შემდგომ იგეგმება ოთახების გადაწყობა – გაფართოება, რათა 2023 წლის სკოლის საშემოდგომო სემესტრის გახსნისათვის ბავშვებმა განახლებულ  შენობაში დაიწყონ სწავლა”, – ნათქვამია საპატრიარქოს უწყებანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები