ფლორენციაში იტალიურ-ქართული ინტერნეტტელევიზია იხსნება

26 თებერვალს, 15:00 საათზე, ქ. ფლორენციაში, იტალიურ-ქართული ინტერნეტტელევიზია ოფიციალურად გაიხსნება.

„KN TV” ფართო მასშტაბიანი ინტერნეტპლატფორმაა, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული იტალიაში (არა მხოლოდ) მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებზე და მათი საინფორმაციო მხარდამჭერი იქნება.

პლატფორმაზე განთავსდება  როგორც სტატიები და ვიდეოგადაცემები, ასევე ყველა ის საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია, რაც ემიგრანტებისთვისაა მნიშვნელოვანი. ის საქართველოს და იტალიის დამაკავშირებელი ხიდი იქნება. ორ ქვეყანას შორის მოხდება კულტურისა და ტრადიციების გაცვლა და მათი პოპულარიზაცია.

ტელევიზიის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შესაძლებლობა ექნებათ სრულიად უფასოდ, ონლაინ გაკვეთილების მეშვეობით, დაეუფლონ ინგლისურ ენას, აგრეთვე, ქართველი ფსიქოლოგის დახმარებით, რომელიც ქალაქ ბარიში იმყოფება, გადაცემის ფარგლებში  უფასო ფსიქოლოგიური რჩევები/კურსები მიიღონ.

ტელევიზიის პრეზენტაციაზე მისული სტუმრები ინტერნეტტელევიზიის ყველა რესურსს, პროექტებს და გადაცემებს გაეცნობიან. საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ, იტალიაში არსებული სხვადასხვა ქართული ანსამბლები და იტალიელი სოლო მომღერლები. ღონისძიების დასასრულს სტუმრებს ალაფურშეტი ელოდებათ. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

მედიაჰოლდინგი იტალიაში 2023 წლის 15 იანვარს დაარსდა, რომლის დამფუძნებელიც, ჩვენი მკითხველისთვის კარგად ნაცნობი, ქართველი ემიგრანტი ჟურნალისტი, საქართველოსა და ემიგრაციაში მრავალი განხორციელებული პროექტის ავტორი ქეთი ნოგიევაა. „ქართული კვირა“ დაუკავშირდა ქეთის და გაესაუბრა.

ქეთი ნოგიევა: – ინტერნეტტელევიზია KN TV გახლავთ მედიასაშუალება და იგი მაუწყებლობას ქართულ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე იწყებს. ტელევიზიას შესაძლებლობა აქვს, პირდაპირი ეთერის მეშვეობით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილს მიაწვდინოს ინფორმაცია. მისი მთავარი დანიშნულებაა, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველი ემიგრანტების ინფორმირება ნებისმიერ საინტერესო საკითხზე, საქართველოს კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია და რაც მთავარია, ეს იქნება მეგობრობის ხიდი, რომელიც საქართველოს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან დააკავშირებს.

ცხოვრებაში ბევრი რთული პერიოდის გავლა მომიწია, ყველაზე მძიმე ეტაპი კი ჩემთვის 2015 წელი იყო, როდესაც დედა გარდამეცვალა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ცხოვრება რადიკალურად შემეცვალა და დამეწყო ბრძოლა დასახული მიზნების რეალიზაციისთვის. 15 იანვარი, ინტერნეტტელევიზიის დაფუძნების თარიღი, სწორედ დედის ხსოვნას ეძღვნება.

უცხო მიწაზე განვითარდე და რეალიზდე, არ არის მარტივი, მით უმეტეს როდესაც საუბარია ინტერნეტტელევიზიის დაფუძნებაზე. წარმოუდგენლად დიდი შრომა და ენერგია სჭირდება. 2 წელია რაც ემიგრაციაში ვიმყოფები, ყველაფერი დაიწყო იმით, რომ შევქმენი საკუთარი ბლოგი, რომლის მეშვეობით სხვადასხვა ჩართვას და რუბრიკავს ვთავაზობდი ემიგრანტებს. დიდი სიყვარული მივიღე მაყურებლებისგან – როდესაც პირდაპირ ეთერში ვერ ვახერხებდი შესვლას, ან რომელიმე გადაცემის განთავსებას, მათგან ვიღებდი შეტყობინებებს, მწერდნენ რომ მელოდებოდნენ, რომ მე მათთვის მოტივაცია ვიყავი ამ უცხო მიწაზე.

ემიგრანტობა წარმოუდგენლად რთულია, ამაზე ყველა ვთანხმდებით, თუმცა ბევრ შესაძლებლობებსაც გვაძლევს, თუნდაც იმას, რომ არასასურველ სამსახურს, შეუთავსოთ საყვარელი საქმიანობაც და ასე შევძლოთ რეალიზება. ინტერნეტტელევიზიის დაფუძნება მაყურებლის სიყვარულმა და ემიგრანტების თანადგომამ გადამაწყვეტინა. მე მესმის რამდენად რთულია უცხო პოლუსზე თავის დამკვიდრება, თუ რა სირთულეებთანაა დაკავშირებული, სწორედ ამიტომ მე მათ ჩემი სახით შევთავაზებ ბევრ ისეთ პროექტს, რომელიც მათთვის ძალიან სასარგებლო იქნება და რაც მთავარია მოტივაციის მიმცემი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ტელევიზიის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს, ჟურნალისტებს საქართველოდან და ჩვენს ემიგრანტ ჟურნალისტებს, რომლებიც ემზადებიან მაყურებელთან შესახვედრად.

იტალიაში უკვე 3 ინტერნეტტელევიზია არსებობს, მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს, არ მაქვს პრეტენზია პირველობაზე და არც კონკურენციაზე ვფიქრობ. ჩემი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი სასარგებლო პროექტი შევთავაზო ქართველ ემიგრანტებს და ოდნავ მაინც გავუმარტივო ცხოვრება ამ უცხო მიწაზე. იქნებ ვინმესთვის მაგალითი და მოტივაცია ვიყო იმისა, რომ ძალიან დიდი მონდომების შედეგად, ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები