ემიგრანტი ემიგრანტისთვის

“მოდით ეს პატარა და უმნიშვნელო ამბავი გახდეს საწინდარი, რომ აღარ გავარჩიოთ ადამიანები იმით, ვინ რამდენი წელი ცხოვრობს ამერიკაში, ვინ რა გზით ჩამოვიდა ან ვის რა საბუთი უჭირავს ხელში. მთავარი ხომ ადამიანობაა, ერთმანეთს გაკეთებული სიკეთეები ვუთვალოთ და არა ემიგრაციაში გატარებული წლები – წლები, რომლებსაც თავისით არაფერი მოაქვს” – ამ სიტყვების ავტორი ქართველი ემიგრანტი, ჯგუფის „ჩვენ ამერიკაში“ ადმინისტრატორი გიორგი ნიკოლაიშვილია, რომელმაც ჯგუფის წევრებს პატარა ამბავი გაუზიარა და ბოლოს მიმართა კიდეც:

“ჯგუფში პოსტი დაიდო – ქართველი ბიჭი კითხულობდა იაფად ვინ წამომიყვანთ ნიუ-იორკის აეროპორტიდანო. რომ დავაკვირდი, აღმოჩნდა რომ პოსტის ავტორს ვიცნობდი, მაშინვე დავურეკე არ ინერვიულო მე დაგპატიჟებ ტაქსიზე და უბერს გამოგიძახებთქო. აღმოჩნდა, რომ მანამდე სხვა ქართველ ბიჭს მიუწერია და უთქვამს, უფასოდ დაგხვდები აეროპორტშიო. ვინც ეს სიკეთე გააკეთა თავადაც ახალი ჩამოსულია, სრულიად უცხოს დილის 6 საათზე კენედის აეროპორტში დახვდა.

ამ პატარა ისტორიით მინდა მაგალითი მოგცეთ სრულიად ჯგუფს, რომ დასრულდეს ძველების და ახლების, ვიზიანების და მექსიკით შემოსულების, ამერიკის მოქალაქეების და უსაბუთოების კასტებად დაყოფა, რადგან გუშინ პოსტის ავტორს ერთდროულად შევთავაზეთ დახმარება 10 წლის ჩამოსულმა გიორგიმაც და 10 თვის ჩამოსულმა უცხო ქართველმაც.

მოდით ეს პატარა და უმნიშვნელო ამბავი გახდეს საწინდარი, რომ აღარ გავარჩიოთ ადამიანები იმით, ვინ რამდენი წელი ცხოვრობს ამერიკაში, ვინ რა გზით ჩამოვიდა ან ვის რა საბუთი უჭირავს ხელში. მთავარი ხომ ადამიანობაა, ერთმანეთს გაკეთებული სიკეთეები ვუთვალოთ და არა ემიგრაციაში გატარებული წლები – წლები, რომლებსაც თავისით არაფერი მოაქვს ❤️

 დილა მშვიდობის ამერიკა ” – წერს გიორგი ნიკოლაიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები