ელისო ბოლქვაძის გამოსვლა და საერთაშორისო მნიშვნელობის შეფასებები რეიკიავიკის გლობალურ ფორუმზე – „ძლიერი ქალები“

ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკის გლობალურ ფორუმზე,  რომელიც 8-10 ნოემბერს ლიდერ ქალთა მონაწილეობით წელს მესამედ გაიმართა,  საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, იუნესკოს მშვიდობის ელჩი, ელისო ბოლქვაძე, ისლანდიის მთავრობისა და პარლამენტის ოფიციალური მიწვევით, საპატიო სპიკერის რანგში წარდგა.

აღსანიშნავია, რომ ფორუმი მნიშვნელოვანია თავისი იდეითა და მასშტაბურობით. ის სხვადასხვა ქვეყნიდან აერთიანებს ქალებს, რომლებიც თავიანთი პროფესიული საქმიანობის პარალელურად, გავლენას ახდენენ საზოგადოებაზე; მიმართულნი არიან რიგი ცვლილებებისკენ და როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთობლივი ძალებით ცდილობენ შეცვალონ არსებული სამყარო.

დანიისა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ნატა მენაბდემ აღნიშნა, რომ წლევანდელ ფორუმზე პირველად იყო წარმოდგენილი ხელოვნების მიმართულება.

წელს ფორუმზე პირველად იყო დამატებული ხელოვნების მიმართულება. აქამდე, ძირითადად, მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები იღებდნენ მონაწილეობას. საქართველოს სწორედ ამ ცვლილებამ მისცა ფორუმში მონაწილეობის შესაძლებლობა, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის ქართული კულტურისა და ხელოვნების ცნობადობას და ხელს შეგვიწყობს საერთაშორისო ასპარეზზე ახალი კონტაქტების შეძენაში,“ – განაცხადა ნატა მენაბდემ.

საქართველოს სახელით, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის ვიზიტი, ფორუმში მონაწილეობის გარდა, სხვა მნიშვნელოვან  შეხვედრებსაც მოიცავდა. კერძოდ – ისლანდიის კულტურის მინისტრთან, ჰარპას სილფურბერის საკონცერტო დარბაზის დირექტორთან, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან და ისლანდიური სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელთან.

გამორჩეული იყო ისლანდიის კულტურის მინისტრ ლილია ალფრედსდოტირთან შეხვედრა. ქალბატონმა მინისტრმა გამოხატა ქართულ მხარესთან თანამშრომლობისა და ისეთი ტიპის მემორანდუმების გაფორმების მიმართ მზაობა, რომლებიც საქართველოსა და ისლანდიას შორის კულტურულ გაცვლებს მოიაზრებს,“ – აღნიშნა ნატა მენაბდემ.

ლიდერ ქალთა ფორუმი ერთდროულად სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელ ქალებს აერთიანებს, როგორც  სამთავრობო, ასევე კერძო სექტორიდან და დაარსების დღიდან  გლობალური პრობლემების გადაწყვეტას ისახავს მიზნად. ლიდერ ქალთა ფორუმი მოიცავს, როგორც პანელურ დისკუსიებს, ასევე არაფორმალურ შეხვედრებს, რომლებიც წინასწარ არის დაგეგმილი.

როგორც “GWL Voice-ის” მრჩეველთა საბჭოს წევრმა, ირინა  ბოკოვამ აღნიშნა, ეს არის გლობალური მნიშვნელობის ფორუმი, რომელზეც წელს გვერდი ვერ აუარეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა რუსეთ-უკრაინის ომი, კლიმატის ცვლილებები, პანდემიის შემდგომ გამოწვეული კრიზისი და ამ ყველაფრის ფონზე, ქალების ჩართულობა. “GWL Voice-ის” მრჩეველთა საბჭოს წევრმა ელისო ბოლქვაძესთან გამართული შეხვედრაც შეაფასა.

„ბუნებრივია, ჩამოთვლილი გამოწვევის ფონზე, ჩვენი მთავარი ორიენტირი ქალებისთვის თანასწორობისა და თანაბარი შესაძლებლობების შექმნაა. ჩემთვის  მნიშვნელოვანი იყო ელისო ბოლქვაძესთან შეხვედრა. მან ფორუმზე, როგორც სპიკერმა, ხელოვნებისა და მუსიკის მნიშვნელობაზე, ასევე პოლიტიკურ პროცესებში ქალების აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრა. გარდა იმისა, რომ ის არის მსოფლიოს გამოჩენილი პიანისტი, ასევე აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, საქველმოქმედო ფონდების საქმიანობაში და მუდმივად მხარს უჭერს ახალგაზრდა ხელოვანებსა და მუსიკოსებს, რაც კარგად ჩანდა მის მესიჯებში, რომლებიც ისლანდიაში ვიზიტისას გააჟღერა. კერძოდ, ის გამოვიდა ბათუმის მუსიკალური ფესტივალის ჩატარების ინიციატივით, სადაც მონაწილეობას ისლანდიელი არტისტები მიიღებენ. მან ისაუბრა კულტურული გაცვლის შესაძლებლობაზეც, რომელიც ორმხრივ თანამშრომლობას გულისხმობს და გარდა იმისა, რომ ისლანდიელ არტისტებს საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობას აძლევს,  ქართველი ახალგაზრდების მხარდაჭერასა და წახალისებას, კერძოდ, ჩვენს ქვეყანაში მათ ვიზიტსაც მოიცავს,“ – აღნიშნა ირინა ბოკოვამ.

ლიდერ ქალთა ფორუმში მონაწილეობა და ისლანდიაში გამართული ოფიციალურ ვიზიტი შეაჯამა ელისო ბოლქვაძემაც. როგორც იუნესკოს მშვიდობის ელჩმა განაცხადა, ის მტკიცედ უჭერს მხარს ქალების როლის გაძლიერებას ყველა მიმართულებით.

ვიზიტი რეიკავიკის გლობალურ ფორუმზე ჩემთვის მრავალმხრივ მნიშვნელოვანი იყო.  მტკიცედ ვუჭერ მხარს ქალის როლის გაძლიერებას, როგორც საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ასევე პოლიტიკასა და სხვა წამყვან პოზიციებზე.  ფორუმზე, საქართველოს სახელით, სპიკერის რანგში, მნიშვნელოვანი აქცენტები გავაჟღერე თანამედროვე საზოგადოებრივ ცხოვრებაში კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელობაზე, ასევე კოვიდ პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე.  წარმატებით შედგა ოფიციალური შეხვედრები და განისაზღვრა სამომავლო გეგმებიც. კერძოდ, საუბარია ახალგაზრდა მუსიკოსებისა და ხელოვანების ისეთ ფესტივალებში ჩართვაზე, როგორიცაა ბათუმის მუსიკალური ფესტივალი ან ისლანდიური მუსიკალური ფესტივალი.  საინტერესო შეხვედრა შედგა ისლანდიის საკონცერტო დარბაზის ხელმძღვანელობასთან, რომელიც სიხარულით შეხვდა ქართული კონცერტების გამართვის იდეას.

ბუნებრივია, ეს ყველაფერი არის სამომავლო გეგმების ნაწილი და მის განსახორციელებლად საჭიროა მთელი რიგი ღონისძიებების ჩატარება, რაც დამატებით რესურსებსა და დაგეგმვას მოითხოვს, თუმცა დანამდვილებით შემიძლია იმის თქმა, რომ  ისლანდიური მხარის მზაობა ამ ყველაფრის განსახორციელებლად საკმაოდ დიდია,“ – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

ლიდერ ქალთა გლობალური ფორუმი, რომელიც 2018 წლიდან ისლანდიის მთავრობისა და პარლამენტის მასპინძლობით ყოველწლიურად ტარდება, წელს რეიკიავიკის ჰარპას სილფურბერის საკონცერტო დარბაზში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები