ღორჯომის ხეობაში საცხენოსნო ინფრასტრუქტურის პროექტი მზადაა
ღორჯომის ხეობაში საცხენოსნო ტურიზმის განვითარების მიზნით ინფრასტრუქტურის მოწყობა შემდეგ წელს დაიწყება. უკვე მზადაა პროექტი, რომლის მიხედვითაც ხეობაში გარემოსთან ადაპტირებული ღია მანეჟის, დახურული თავლის, ამფითეატრის, ადმინისტრაციული ცენტრისა და წრიული საცხენოსნო ბილიკების მოწყობა იგეგმება. ერთ ჰექტარზე მოწყობილ ღია მანეჟში შესაძლებელი იქნება, როგორც მოყვარულების, ისე პროფესიონალების ჯირითი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ხეობაში საცხენოსნო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.
ღორჯომის ხეობას საცხენოსნო ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. ამ ეტაპზე, არსებული ინფორმაციით ღორჯომში თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს ცხენი, რომელთა რაოდენობა ჯამში 150-მდე აღწევს. ხეობას აქვს უნიკალური ლანდშაფტი და სათავგადასავლოდ მიმზიდველი გარდამავალი, საფეხმავლო მარშრუტები, რაც იდეალურია ცხენით სასეირნოდ და ბუნების დასათვალიერებლად. ღორჯომის ხეობა ხულოს ცენტრიდან დაახლოებით 12 კმ.-ში მდებარეობს. ის უძველესი ტრადიციებით და შენარჩუნებული ავთენტურობით გამოირჩევა. ხეობაში დღემდე მრავლად ვხვდებით ძველი წესით ნაშენებ ხის ოდებს. ტურისტულად საინტერესო ობიექტებს შორის აღსანიშნავია სოფლის ცენტრში მოქმედი ხის მეჩეთი და ჩანჩქერები.