შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულ მასალებში მე-19 საუკუნის ხატი აღმოაჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში 1929 წლის რეპრესირებული ბერების სისხლის სამართლის საქმის შესწავლის დროს, წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის აქამდე უცნობი ხატი იქნა აღმოჩენილი, რომელიც მე-19 საუკუნით თარიღდება. როგორც აღმოჩენილი არტეფაქტის მინაწერიდან ირკვევა, აღნიშნული ხატი ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვარმა – დოროთე კუჩერიავმა თავის სულიერ შვილს – აგნია ბიკოვას უსახსოვრა. ხატი ტიპოგრაფიული წესით, 1896 წელს არის დაბეჭდილი.
„რეპრესირებული ბერების სისხლის სამართლის საქმის შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. პროექტი მიზნად ისახავს რეპრესირებული სასულიერო პირების შესახებ არქივში დაცული საქმეების კვლევა-ძიებას და დეტალური ინფორმაციის მოპოვებას, თუ რა ბედი ეწიათ სხვადასხვა რელიგიისა და კონფესიის წარმომადგენლებს საბჭოთა რეჟიმის პირობებში.
ერთობლივი პროექტის მიმდინარეობისას, არაერთი ისტორიული მნიშვნელობის უნიკალური დოკუმენტი, წერილი თუ ფოტო იქნა აღმოჩენილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი ახალი აღმოჩენების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას“, – ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.