18 სექტემბერს „აკრძალული წიგნების კვირეული“ იწყება

18-24 სექტემბერს მთელი მსოფლიოს მასშტაბით „აკრძალული წიგნების კვირეული“ აღინიშნება. გამომცემლობები „ინტელექტი“ და „არტანუჯი“ კვირეულს ტრადიციულად წელსაც შეუერთდებიან და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან პარტნიორობით, 18 და 19 სექტემბერს გამართავენ ლიტერატურულ მარათონს – „ჩვენ ყველანი თავისუფლებისთვის დავიბადეთ“. ღონისძიების მხარდამჭერი და მასპინძელია თბილისის მუზეუმების გაერთიანება.

მარათონის კონცეფცია ეფუძნება საბავშვო გამოცემას „ჩვენ ყველანი თავისუფლებისთვის დავიბადეთ“, რომელიც „ინტელექტმა“ ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით 2022 წელს გამოსცა და აერთიანებს „ამნესტი ინთერნეიშენალის“ 30 მუხლს ადამიანის უფლებათა შესახებ. აღნიშნული მუხლებისთვის თემატურად მისადაგებული აკრძალული წიგნების შესახებ ქართველი მწერლები, მთარგმნელები, ლიტერატორები, მასწავლებლები, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ორი დღის განმავლობაში 30 ლექციას წაიკითხავენ. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა თემატური გამოფენაც.

„მარათონი ოფიციალურად 18 სექტემბერს 12:00 საათზე გაიხსნება. მარათონის ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში, ლექციებს წაიკითხავენ: ჯაბა ზარქუა, ვალერი ოთხოზორია, ნინო სადღობელაშვილი, თამარ გეგეშიძე, ლანა კალანდია, სალომე ბენიძე, ლევან ღამბაშიძე, ნათია კაპანაძე, ნათია ფურცელაძე, Toresa Mossy, მაკა კვარაცხელია, როსტომ ჩხეიძე, დარეჯან გარდავაძე, მაია ცირამუა, ზაალ სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, შორენა ლებანიძე, გვანცა შუბითიძე, მაკა ცხვედიანი, ლევან ბერძენიშვილი, ზვიად კვარაცხელია, ივა ფეზუაშვილი, ერეკლე დეისაძე, მარიამო ჯანელიძე, მაკა ლდოკონენი, ოქტაი ქაზუმოვი, ანი კოპალიანი, პაატა შამუგია, თორნიკე ჭელიძე და გვანცა ჯობავა.

„აკრძალული წიგნების კვირეული“ საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც საქართველოში გამომცემლობა „ინტელექტისა“ და გამომცემლობა „არტანუჯის“ თაოსნობით 2018 წელს დაფუძნდა. ესაა ერთგვარი შეხსენება ყველასთვის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ავიმაღლოთ ხმა ცენზურის წინააღმდეგ“, – ნათქვამია გამომცემლობა ინტელექტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიების ორგანიზატორია ამერიკის ბიბლიოთეკართა ასოციაციის ინტელექტუალური თავისუფლების ოფისი და „აკრძალული წიგნების კვირეულის“ კოალიცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები