წმიდა მოციქულთა სწორი, მენელსაცხებლე მარიამ მაგდალენელი (I)
წმიდა მოციქულთასწორი მენელსაცხებლე მარიამ მაგდალინელი გენესარეთის ტბის პირას, კაპერნაუმსა და ტიბერიადას შორის მდებარე პატარა ქალაქ მაგდალაში დაიბადა და აღიზარდა. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, იგი, მშვენიერი და მომხიბლავი, ყმაწვილქალობაში თავშეუკავებლად ცხოვრობდა. სახარება გვამცნობს, რომ მომავალ წმიდანში შვიდი ეშმაკი ბუდობდა (ლკ. 8.2; მკ. 16.9). მას შემდეგ, რაც იესო ქრისტემ სნეული მარიამი განკურნა, იგი ღვთაებრივი სიყვარულით აენთო და მაცხოვრის ერთგული მოწაფე და მიმდევარი შეიქნა. მარიამ მაგდალინელი თან ახლდა მაცხოვარს, როცა იგი მოციქულებთან ერთად იუდეისა და გალილეის ქალაქებსა და დაბებში მოგზაურობდა სახარების ქადაგებით. როგორც ჩანს, ლუკა მახარებელი მასაც გულისხმობს იმ დედებში, რომლებიც თან გაჰყვნენ გოლგოთაზე მაცხოვარს, „ეტყებდეს და სტიროდეს მას“ (ლკ. 23; 27). მარიამ მაგდალინელი ღვთისმშობელთან და მოციქულ იოანესთან ერთად მოძღვრის გვერდით იდგა მაშინაც, როცა მას – ჯვარცმულსა და დამცირებულს – ყველა მოწაფე შემოეფანტა. მახარებლები ჯვართან მდგომარეთა შორის ასახელებენ აგრეთვე მარიამს – მოციქულ იაკობ მცირის დედას, სალომეას და სხვა ქალებს, რომლებიც გალილეაში დაემოწაფნენ ქრისტეს, მაგრამ ყველანი პირველად მარიამ მაგდალინელს იხსენიებენ (მთ. 27;55-56; მკ. 15;40-41; ლკ. 23; 49; ინ. 19; 25). ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ გამოირჩეოდა იგი მაცხოვრის თანმხლებ დედებს შორის. სიყვარულითა და მადლიერებით აღვსილი მარიამი სხვა დედებთან ერთად, სურნელოვანი ნელსაცხებლებით ხელში გაეშურა მოძღვრის წმიდა ცხედრისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად. მარიამმა აქაც გაუსწრო ყველას. ჯერ კიდევ „ვიდრე ბნელღა იყო“, მიეახლა აკლდამას და ჰპოვა „ლოდი იგი გარდაგორვებული საფლავისა მისგან“; გაოცებულმა და შეშინებულმა, სირბილით მიმართა იესოს ორ უახლოეს მოწაფეს – სიმონ-პეტრესა და იოანეს და მაცხოვრის ცხედრის გაუჩინარება ამცნო. მოციქულებმა ისწრაფეს საფლავისკენ, იხილეს „ტილონი იგი მდებარენი და სუდარი იგი… თჳსაგან შეკეცილი ერთსა ადგილსა“, შეძრწუნდნენ და განერიდნენ იქაურობას, მარიამი კი „დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა“. აცრემლებულმა კიდევ ერთხელ შეიხედა გამოქვაბულში – სურდა დარწმუნებულიყო, რომ ის ნამდვილად ცარიელი იყო და აი, მაშინ უფალმა სულიერი თვალები აუხილა ნეტარს – მან „იხილა ორნი ანგელოზნი, სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა-იგი იდვა გუამი უფლისა იესუჲსი“. მათ კითხვაზე: „დედაკაცო, რასა სტირ?“ მარიამმა იმავე სიტყვებით უპასუხა, რომლითაც სულ ცოტა ხნის წინ პეტრეს და იოანეს მიმართა: „აღიღეს უფალი ჩემი საფლავით, და არა უწყი, სადა დადვეს იგი“. შემდეგ შებრუნდა და, „იხილა იესუ მდგომარე“, მაგრამ ვერ იცნო – მებაღე ეგონა და თხოვნით მიმართა: „უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ, და მე წარმოვიღო იგი“. მაცხოვარმა დამწუხრებულ ქალს დაუძახა: „მარიამ!“ იცნო მარიამმა მოძღვრის უტკბესი ხმა, აღტაცებით შესძახა: „რაბბუნი!“ (მოძღვარო!) „და მირბიოდა შემთხუევად მისა“; მაგრამ ქრისტემ უთხრა: „ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა; წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა“.
სიხარულით გაოგნებული და აღფრთოვანებული მარიამი გონს მოეგო, კვლავ გაიქცა მოციქულებისკენ, „რომელნი იგლოვდეს და ტიროდეს“ და ახარა, „რამეთუ ცხოველ არს და ეჩუენა“ უფალი. ეს იყო აღდგომის პირველი ქადაგება ამქვეყნად: მოციქულებს მთელი სამყაროსთვის უნდა ეხარებინათ, მან კი თავად მოციქულებს ახარა…
წმიდა წერილი არაფერს მოგვითხრობს მარიამ მაგდალინელის ცხოვრებაზე ქრისტეს აღდგომის შემდეგ, მაგრამ უეჭველია, რომ ის, ვინც ჯვარცმის უმძიმეს ჟამს მაცხოვრის ჯვრის კვარცხლბეკთან იდგა, აღდგომიდან ამაღლებამდეც მის გვერდით იქნებოდა.
წმიდა გადმოცემა მოგვითხრობს, რომ, როცა სულიწმიდის მადლით აღვსილმა მოციქულებმა დატოვეს იერუსალიმი და ქვეყნის სხვადასხვა კიდეს მიაშურეს საქადაგებლად, მარიამ მაგდალინელი რომში ჩავიდა. მან მთელი იტალია მოიარა სახარების ქადაგებით, ტიბერიუს კეისრის (14-37) კარზეც შეაღწია და ძღვნად წითელი კვერცხი მიართვა. სწორედ მარიამ მაგდალინელისგან მომდინარეობს აღდგომის დღესასწაულზე წითლად შეღებილი კვერცხების მირთმევის ტრადიცია. წმიდა მენელსაცხებლე დედა განაგრძობდა თავის მოციქულებრივ ღვაწლს იტალიასა და ქალაქ რომში. უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ მას გულისხმობს პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში, როცა წერს: „კითხვაჲ არქუთ მარიამს, რომელ-იგი ფრიად დაშურა ჩუენდა მომართ“ (16;6).
წმიდა მარიამმა ეფესოში შეჰვედრა სული უფალს და იქვე მიაბარეს მიწას. მისი უხრწნელი ნაწილები IX საუკუნეში გადაასვენეს ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში და წმიდა ლაზარეს სახელობის მონასტრის საყდარში დააბრძანეს. ჯვაროსნული ლაშქრობების დროს ეს სიწმიდე იტალიაში გადაიტანეს და რომში, იოანე ლატერანის ტაძრის საკურთხევლის ქვეშ დაკრძალეს. ნაწილი ნეტარი დედის წმიდა ნაწილებისა საფრანგეთში, მარსელის მახლობლად, მისი სახელობის ტაძარშია დასვენებული.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.