„წიხლს ნუ ჰკრავ იმ წმინდა ბარძიმს, რომელიც საუკუნეების მანძილზე ივსებოდა შენი სასიქადულო წინაპრების სისხლით!”

1929 წლის 12 აპრილს დაიბადა პოეტი მუხრან მაჭავარიანი.

გთავაზობთ მუხრან მაჭავარიანის წერილს, რომელიც მან გასული საუკუნის 90-იან წლებში თავის ვაჟს კანადაში მისწერა.

“ვწუხვარ, რომ თქვენგან (უპირველეს ყოვლისა – შენგან) არ იგრძნობა თანადგოა ჩემდამი… მუხანოს და რატის ელოდება თავიანთი არგვეთი, პატარა ლაშურა, დიდი კაკლის ხე, ჩვენი ჭა… სამშობლო არ დაივიწყო! შვილები ქართველებად დაზარდე!..

დაუკვირდი საკუთარ თავს, კარგად დაუკვირდი – განა არ გრძნობ ყოველმხრივ უპირატესობას ყველა სხვა ერის წარმომადგენელთან შედარებით?

არ შეიძლება არ იგრძნო, უკეთუ კარგად დაუკვირდები. და, როგორ გგონია, რა არის ამ გრძნობის საფუძველი? საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონი? დღევანდელი უბადრუკი საქართველო?

არა. შენი ამ უპირატესობის საფუძველი შენივე სისხლია. ის სისხლი, რომელიც ჩქეფდა შენი შორეული წინაპრების ძარღვებში და აწ შენში ჩქეფს. ვინ იყვნენ შენი წინაპრები?!…

არ გეგონოს, შენი სისხლის ისტორია დავით აღმაშენებლით, შოთათი, ილიათი, აკაკითი, და ვანიჩკათი იწყებოდეს! შენ იმ ხალხის სისხლი და ხორცი ხარ, რომელიც ფლობდა მთლიან კავკასიას, მცირე აზიას, სირია-პალესტინა-ფინიკიას… ხმელთაშუა ზღვის მთელ აუზს…

ქართულმა მოდგმამ პირველმა მოიპოვა და დაამუშავა სპილენძი, რკინა, ფოლადი, ვერცხლი, ოქრო… ქართული მოდგმის წვლილია ვენახი და ღვინო…

ქართველთაგან გაიცნო მსოფლიომ ცხენი და საომარი ეტლი…

მსოფლიო მეცნიერების აღიარებით – არ არსებობს მეორე ენა – ქართულივით მდიდარი. არ არსებობს ანბანი – ქართული ანბანივით სრულყოფილი. არავისთვის ისე სისხლხორცეული არაა სჯული ქრისტესი, ვითარცა ქართველებისთვის.

ქრისტიანული სარწმუნოება ჩვენმა დიდმა წინაპრებმა ეროვნული გახადეს. ბრძოლა საქართველოსთვის – იყო ბრძოლა ქრისტიანობისთვის, თავგანწირვა ქრისტიანობისთვის – თავგანწირვა საქართველოსთვის!

ქართველი იყო წმინდა გიორგი კაბადოკიელი, ქართველი იყო ფსევდო-დიონისე არეოპაგელი (პეტრე იბერი)… ბასილი კესარიელი და გრიგოლ ნოსელი…

საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლის. საქართველომ ჩაიბარა კვართი უფლისა… დედამიწის ზურგზე არცერთ ერს თავის ქვეყანაში (მით უმეტეს თავისი ქვეყნის გარეთ) იმდენი ტაძარი არა აქვს, რამდენიც ქართველთ. ქართული ქრისტიანობა განსხვავებულია ყველა სხვა ერის ქრისტიანობისგან.

ქართული ქრისტიანობა მხედრული ქრისტიანობაა, წმინდა გიორგის წინამძღოლობით. ბევრი იყო სექტა… და არის… ამ ახალი მოდის სექტებში ჩაბმა ყველას მიეტევება, ქართველის გარდა. ქართველთათვის ის ქრისტიანობა, რომელიც გვაქვს არის არა მარტო სჯული, არამედ მიწა-წყალი საქართველოსი.

ენაა ქართული, ოჯახი ქართული, წინაპართა საფლავებია, აკვნებია ნაშიერთა, და ის ქართველი, ვინც ეჭვს შეიტანს ჩვენს ამ მამაპაპისეულ სარწმუნოებაში, ვინც დაუპირისპირდება მას, ვინც კრიტიკულად განეწყობა მისდამი, იგი, (თვითონ შესაძლოა, არც იცის, ისე) უარს ამბობს საკუთარ მამაზე, საკუთარ შვილზე… ერთი სიტყვით, საკუთარ თავზე, ვინაიდან სამშობლოს გარეშე, დედაენის გარეშე, მშობლების გარეშე და მომავლის გარეშე ადამიანი არ არსებობს, როგორც ასეთი! და განა ქრისტე ამას გვიქადაგებს?…

ქრისტიანობა არაა მატერიალური რელიგია, როგორც ეს მათ მიაჩნიათ, ქრისტიანობა ღრმად ფილოსოფიური რელიგიაა, მისი ჩაწვდომა დიდ ინტელექტუალურ ძალისხმევას და სულიწმიდით აღვსებას საჭიროებს.

ღმერთმა გადაგვარებული დედამიწა პირველად წყლით გაწმინდა, მეორედ განწმენდს ცეცხლით! მეორედ მოსვლა იქნება მართლა სამოთხეში დაბრუნება!

ყურად იღე ღაღადისი შენივე სისხლისა! გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ! წიხლს ნუ ჰკრავ იმ წმინდა ბარძიმს, რომელიც საუკუნეების მანძილზე ივსებოდა შენი სასიქადულო წინაპრების სისხლით!”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები