ბალტიისპირეთის ტურისტული სააგენტოები აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ბალტიისპირეთის ქვეყნების ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები გაეცნენ. ონლაინშეხვედრებზე, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და  ავიაკომპანია Air Baltic  ორგანიზებით გაიმართა, რიგიდან ბათუმის მიმართულებით დაგეგმილ პირდაპირ ფრენებსა და აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ლატვიის დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენის შესრულება 2 მაისსაა დაგეგმილი. ფრენებს „რიგა-ბათუმი-რიგა“  ავიაკომპანია Air Baltic  შეასრულებს და ის კვირაში ერთი სიხშირით სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

ონლაინშეხვედრაზე გამართული პრეზენტაციისას, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტმა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან რეგიონის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებზე, პროდუქტებსა და სერვისებზე გაამახვილეს ყურადღება. აღსანიშნავია, რომ ინტერესი აჭარის და ზოგადად, საქართველოს მიმართ ლატვიაში, ესტონეთსა და ლიეტუვაში მაღალია, რაზედაც ბოლო წლების განმავლობაში ტალინიდან და ლიეტუვადან ბათუმის მიმართულებით შესრულებული ფრენებიც მოწმობს. წელს, კი აღნიშნულ ფრენებს უკვე რიგადან ბათუმის მიმართულებით შესრულებული ფრენები დაემატება.

წელს, ბალტიისპირეთიდან ტურისტების მოზიდვის მიზნით აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი  მიზნობრივ პიარ და მარკეტინგულ კამპანიებს, ასევე  ინფოტურებს გეგმავს, რომლის ფარგლებშიც რეგიონს წამყვანი მედიასაშუალებებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები ეწვევიან. აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია ბალტიისპირეთში 2016 წლიდან დაიწყო. ტურისტების უმრავლესობა აჭარაში მთის ტურისტული პროდუქტებით, კულტურითა და ტრადიციებით ინტერესდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები