თამარ ბულიას მასტერკლასებმა რიგასა და გდანსკში დიდი ინტერესი გამოიწვია

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ განაახლა საერთაშორისო აქტივობები Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ევროპულ სასწავლებლებთან არსებული ინსტიტუციათაშორისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი თამარ ბულია “ერასმუს+”-ის პროგრამის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა რიგისა და გდანსკის კონსერვატორიებში.

თამარის მასტერკლასებმა სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია და მათივე თხოვნით, დაგეგმილი მასტერკლასების რაოდენობა გაიზარდა.

“მასტერკლასები ორივე კონსერვატორიაში საინტერესო იყო, მაგრამ განსხვავებული. რიგის კონსერვატორიაში ყოველდღიურად ვხვდებოდი სიმებიანი მიმართულების ხელმძღვანელს Terēze Zīberte-Ijaba-ს. ვსაუბრობდით მეთოდიკაზე, პროგრამებზე. დავგეგმეთ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მისი ვიზიტი. ასევე, დავესწარი კამერული კათედრის პროფესორების კონცერტს.

გდანსკის კონსერვატორიაში ვიმყოფებოდი კამერული კათედრის ასისტენტ-პროფესორ თამარ ჟვანიასთან ერთად. აქ დაგვხვდა ბევრად ღია და გახსნილი სამუშაო გარემო. განსაკუთრებით აღვნიშნავ სიმებიანი მიმართულების მაღალ დონეს. სტუდენტებისა და პედაგოგების გარდა, მასტერკლასებს აქტიურად ესწრებოდნენ პრორექტორი მხატვრულ საკითხებში Wojciech Szlachcikowski, სიმებიანი მიმართულების ხელმძღვანელი Tadeusz Samerek, პროფესორი Karolina Piątkowska-Nowicka და თავად გდანსკის კონსერვატორიის რექტორი Ryszard Minkiewicz. დიდი იყო მათი ინტერესი ახალ ინტერპრეტაციასა და ხედვაზე. ასევე, ვისაუბრეთ ორ კონსერვატორიას შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებაზე”, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებულმა პროფესორმა, სიმებიანი მიმართულების პროგრამის ხელმძღვანელმა თამარ ბულიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები