“თქვენ შეგვაყვარეთ სამშობლო და მისი ენა” – წერს ეგნატე ნინოშვილი იაკობ გოგებაშვილს

წერილში, რომელსაც ქართველი მწერალი ეგნატე ნინოშვილი ქართველ პედაგოგს, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელს საქართველოში, პუბლიცისტს, საბავშვო მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს იაკობ გოგებაშვილს  წერს, ჩანს თუ როგორ ეხმარება დიდი იაკობი ეგნატე ნინოშვილს, ეხმარება არა მხოლოდ ფინანსურად “თქვენგან გამოგზავნილი ხუთი თუმანი ფული მივიღე გუშინ 11 ამ თვეს” არამედ მორალურად  “მადლობას მოგახსენებთ მეგობრული თანაგრძნობით სავსე წერილისთვის, რომელმაც არათუ მარტო გამამხნევა, ავადმყოფობიდან მორჩენის იმედიც კი მომცა” 

პატივცემულო ბატონო იაკობ სიმონის ძევ.

თქვენი წერილი და თქვენგან გამოგზავნილი ხუთი თუმანი ფული მივიღე გუშინ 11 ამ თვეს. ჯერ ქუთაისის ფოსტის კანტორაში გაეჩერებიათ, მერე დაბა ლანჩხუთის საფოსტო განყოფილებაში გადმოეგზავნათ და ამ მიზეზის გამო დაგვიანებულიყო. ჩემს უგულითადეს მადლობას მოგახსენებთ მეგობრული თანაგრძნობით სავსე წერილისთვის, რომელმაც არათუ მარტო გამამხნევა, ავადმყოფობიდან მორჩენის იმედიც კი მომცა, პირადათ რომ ვერ მიცნობთ, ამაში თუ ვინმეს ბრალი აქვს და საყვედური ერგება, ეს ისევ მე: მე ვიყავ ვალდებული მოვსულიყავი და გაგცნობოდით თქვენ, როგორც საუკეთესო ქართველ მოღვაწეს, როგორც მოწინავე პირს. არ აღმისრულებია ეს ვალი და სასაყვედუროც მე ვარ აქ. ოღონდ პირადათ გაცნობაზე ვჩივი, თორემ ისე კი, ვინ იქნება დღეს წერა-კითხვა იცოდეს და თქვენ კი ვერ გიცნობდეს! განა ყველანი თქვენგან შედგენილ ქართულ სახელმძღვანელოებზე არ აღვიზარდეთ?თქვენგან შედგენილ სახელმძღვანელოებში ვისწავლეთ ქართული წერა-კითხვა, თქვენ შეგვაყვარეთ სამშობლო და მისი ენა. ამის შემდეგ სირცხვილი არ იქნებოდა ჩემთვის, თუ პირადათ არა, როგორც ჩვენი კარგი სახელმძღვანელოების შემდგენელს არ გიცნობდეთ!

დიდ მადლობას მოგახსენებ აგრეთვე ფულის გამოგზავნისათვის მხოლოდ გთხოვთ ნება მიბოძოთ, რომ ეს ფული შემდეგში გადაგიხადოთ. მართალია, თქვენისთანა ღირსეული და პატივცემული პირისაგან შემწეობასაც ვერ ვითაკილებ, მეტადრე ისეთი მხურვალე თანაგრძნობით მოძღვნილს, მაგრამ ახლა, როცა ერთი მხრივ საზოგადო ფულს ვხარჯავ, რომელიც შესდგება თქვენ და თქვენისთანა გულშემატკივარი პატივცემული პირებისაგან გაღებული ფულით, დიდი ურიგობა იქნება ჩემის მხრით, რომ კერძოთ კიდევ თითოეულ პირისაგან დავიწყო შემწეობის მიგება.უნდა მოგახსენოთ, საზოგადო ფულს რომ ვგებულობთ, იმის გამოც შიშის ჟრუანტელი მივლის ტანში: თუნდა მოვრჩე კიდეც შევძლებ კი მიუზღო საზოგადოებას ან ნივთიერად ან ჩემი ნაწერებით ჩემზე დანახარჯი? ან კიდევ ახლა რომ მოვკვდე, რა დარჩება საზოგადოებას ჩემგან?რამდენიმე პატარ-პატარა მოთხრობები! ეს არ არის საკმარისი. მე ისიც მეყოფა ჯილდოთ, თუკი ჩემი ნაწერების კითხვამ ქართველ საზოგადოებას მოუტანა ცოტაოდენი მაინც ჭეშმარიტი სიამოვნება. მე დაჯილდოებულად ვსთვლი თავისთავს, როცა თქვენისთანა ღირსეული პირი მეუბნება: შენი ნაწერების წაკითხვით ვისიამოვნეო. როგორ ღმერთი გამიწყრება, რომ თითოეულ პირისაგან კიდე ამისთვის ფული ავიღო! განა არა კმარა ისიც, რომ საზოგადოებას ჩამოვეკიდე სარჩენად! ჩემი მოთხრობების გამოცემისათვის თქვენისთანა მზრუნველს მე ვიგას ვიპოვნი. მე ამაზე ფიქრსაც ვერ გავბედავდი, რომ თქვენ არ გებრძანებიათ […]

გნებავთ,რომ ჩემი ავადმყოფობის ვითარება გააცნო. დიდი კმაყოფილებით ავასრულებ თქვენს სურვილს, ოღონდ იმის მეშინია, რომ ამდენი ლაპარაკით არ მოგაწყინოთ თავი. რასაკვირველია, ჩემი ავადმყოფობის ისტორიას აქ არ მოვყვები, რადგანაც ეს შორს წაგვიყვანს. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ჩემი ავადმყოფობა დაიწყო ორი მიზეზის გამო: ერთი-ხშირად ცუდ გარემოებაში ვცხოვრობდი, მეორე-გაუფრთხილებლად და დაუზოგავად ვეპყრობოდი თავისთავს. მტერსაც კი არ მოეპყრობა კაცი ისე უდიერად, როგორც მე ჩემს ჯანს ვეპყრობოდი. ამასთან კიდე დაბადებიდანვე ჯანსუსტი ვიყავი. დედის კი არა მახსოვს რა, რადგანაც ჩემ შემდეგ თურმე ერთი წლის მეტი არ უცოცხლია, მაგრამ ისე ამბობენ, რომ „ერთი შვილის შობა [ჩემი] ძლივს მოასწრო, თექვსმეტი წლის ქალი ისე სანთელივით დადნაო“ […] ფილტვების ავადმყოფობით „დადნა“ – ახლა ჩემი საქმე ასე არის:მახველებს ძლიერ ბევრს, ხანდახან სისხლიანსააც […]

ზოგიერთები მირჩევს მომავალ ზაფხულში აბასტუმანს წადიო. მეც განზრახვა მაქვს წავიდე. მართალია, ახლა რომ ჩემი თავის ამბავი ვიცი, ძლიერ დიდი ოპტიმისტი უნდა ვიყო, რომ მოვრჩები მეთქინ ვიფიქრო. ჩემი ფიქრით, ბევრი-ბევრი აწი ვიცოცხლო ორი-სამი წელიწადი. მაგრამ იქნება სიცოცხლეში ტანჯვა ცოტათი მაინც შემიმსუბუქდეს და ეს არის მიზეზი, რომ ხან სოფელს ვირჩევ საცხოვრებლად,ხან აბასტუმანს და ხან სხვას.რადგან ამდენი ვილაპარაკე, დასასრულ ვიტყვი ამასაც: მე არ შემიძლია ვუთხრა საზოგადოებას-შენს სამსახურში დავაადმყოფდიმეთქი. არა, წერის დაწყებამდე ჩემი ჯანი სრულიად გატეხილი იყო, მოუბრუნებლად დარღვეული იყო, არც ბევრი მიწერია: ოთხი წელიწადია აგერ, რაც ვწერ და ერთ მოზრდილ წიგნს კიდევ ვერ შეადგენს ჩემი ნაწერები.მაგრამ აწი ლაპარაკს შევწყვიტავ, თორემ მეტათ გრძელი საუბარი მომივიდა, მოგაძულე თავი ამდენი ლაპარაკით.

მარად თქვენი პატივისმცემელი ეგნატე ინგოროყვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები