ქართული ღვინო, ტიხრული მინანქარი და საქართველოზე შეყვარებული ჰოლანდიელი მეუღლე

ვიდეობლოგში გაიცანით მანანა ოტმერი, რომელიც ჰოლანდიელ მეუღლესთან ერთად, ნიდერლანდების სამეფოში პოპულარიზაციას ქართულ ღვინოსა და ტიხრულ მინანქარს უწევს.

მანანა და პეტერი ქართული ღვინის კულტურასა და ტრადიციებს სიამოვნებით აცნობენ უცხოელებს. ისინი 5 წელია, რაც ქართული ღვინის იმპორტიორები გახდნენ. მათ მაღაზია-სალონში, სადაც მასპინძლები თავად არიან,  30 ქართული კომპანია 120-ზე მეტი სახეობის ღვინით არის წარმოდგენილი. მაღაზიაში ცალკეა კუთხე ქართული მინანქრის საიუველირო ნაწარმისთვის, რომელსაც მანანა იქვე სტუმრების თვალწინ სახელდახელოდ მოწყობილ სახელოსნოში ქმნის. აქვე ეწყობა ხოლმე ქართული ღვინის დეგუსტაციაც. წყვილი არასდროს აკლდება საინტერესო გამოფენებს, სადაც ქართული ნაწარმის პოპულარიზაციის საშუალება ეძლევათ.

,,ყველაფერი ჰობით დაიწყო. მაშინ, როდესაც ჩემმა მეუღლემ პირველად გასინჯა ქართული ღვინო  და შეიყვარა. გაჩნდა იდეა, რომ მის ქვეყანას უფრო კარგად გაეცნო საქართველოს საამაყო პროდუქტი. ნელ-ნელა ისე, ჩვენც რომ ვერ მივხდით, ეს ყველაფერი ცხოვრების მთავარ საქმედ იქცა. დღეს ის ბიზნესზე მეტია, ბევრად ძვირფასი და საყვარელი. ღვინის პარალელურად, გადავწყვიტე ქართული ტიხრული მინანქარიც შემესწავლა და ამ მიმართულებითაც წარმომეჩინა საქართველო. ემიგრაციაში საყვარელი საქმის კეთება ფუფუნებაა და ოცნების ახდენას გავს, მე გამიმართლა და ჩემი ოცნება ახდა“ – ამბობს მანანა ინტერვიუში.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები