საქართველოში პოლონეთის წამყვანი მედიის 11 წარმომადგენლისათვის პრეს-ტური ტარდება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და   პოლონეთში საქართველოს საელჩოს შუამდგომლობით საქართველოში პოლონეთის წამყვანი მედიის 11 წარმომადგენლისათვის პრეს-ტური ტარდება.

პრეს-ტურის ფარგლებში პოლონური მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა თბილისი და ქუთაისი დაათვალიერეს, მოინახულეს ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი.  ტურის ფარგლებში გაემგზავრნენ კახეთში, სადაც ადგილობრივ მეღვინეებს შეხვდნენ და გაეცნენ ქართული ღვინის მომზადების ტრადიციებს, ასევე დაათვალიერეს ალავერდის სამონასტრო კომპლექსი.

ტურის განმავლობაში პოლონელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ათობით სიუჟეტს, სტატიასა და ბლოგს მოამზადებენ, რომელსაც პოლონეთში მილიონობით ადამიანი გაეცნობა, რაც  ხელს შეუწყობს საქართველოს  ტურისტულ რეკლამირებას პოლონეთში  და მოგზაურთა დაინტერესებას.

5 დღიან ტურში  National Geographic traveler-ის, Wirtualna Polska-ს, Onet-ის, Poland Daily and Republika-ს, fly4free-ის, Kaleidoscope Magazine-ის, ElleMan-ის, kobieta.pl-ისა და Rzeczpospolita-ს ჟურნალისტები და ოპერატორები მონაწილეობენ.

მხოლოდ Wirtualna Polska-ს ონლაინში 21,6 მილიონი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს. Kaleidoscope კი პოლონეთის უმსხვილესი ავიაკომპანია LOT-ის საბორტე ჟურნალია.

”მოხარული ვარ, რომ  საქართველში უკვე დავგეგმე  ჩემი მეოთხე ვიზიტი, ვაპირებ ნოემბერში მეგობრებთან ერთად საქართველოში ჩამოსვლას.  აქ სტუმართმოყვარე ხალხია და ჩვენ ვგრძნობთ ამ მასპინძლობას, ამ სითბოს. საქართველოს შესახებ პოლონეთში ხშირად ვსაუბრობთ. ქართული სამზარეულო, ქართული ღვინო მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ამ მიზეზით და იმ მეგობრული ურთიერთობებიდან  გამომდინარე, რომელიც საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებობს, პოლონეთში საქართველო სულ უფრო პოპულარული ხდება. დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩემი თანამოქალაქე ესტუმრება საქართველოს.  ნიღბების სწორად გამოყენება, დისტანციის დაცვა, რასაც საქართველოში ყველა ადგილზე, ყველა სასტუმროში, ყველა ობიექტზე ვხედავთ, დარწმუნებული ვარ, ეს ზომები ჩვენ საშუალებას მოგცემს პანდემიის შემდეგაც გავაგრძელოთ მოგზაურობა საქართველოში. „-აცხადებს პრეს-ტურის მონაწილე პოლონელი ჟურნალისტი იაკუბ პანეკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები