საქართველო FIBA-ს 16 წლამდე გოგონათა ევროჩელენჯერს უმასპინძლებს
9 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით, საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო ღონისძიებას, ამჯერად FIBA-ს 16-წლამდე გოგონათა ევროჩელენჯერს უმასპინძლებს, სადაც ჩვენი ქვეყნის ნაკრებთან ერთად ალბანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მალტის და სომხეთის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.
„ქვეყანაში არსებული პანდემიისა და მისი რთული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მაქსიმალურად ცდილობს განახორციელოს ის მნიშვნელოვანი აქტივობები, რომელიც არ შეაფერხებს და ხელს შეუწყობს მომავალი თაობისა და კალათბურთის განვითარებასა და წინსვლას.
FIBA-ს 16-წლამდე გოგონათა ევროჩელენჯერის თამაშები ე.წ. „ბაბლის“ პრინციპით, გულშემატკივრების დასწრების გარეშე, თბილისის სპორტის სასახლეში, კორონავირუსით გამოწვეული რეგულაციებით გაიმართება.“ – ნათქვამია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის განცხადებაში.
„ბაბლის“ სისტემით, ხუთივე ნაკრები – საქართველო, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მალტა და სომხეთი თბილისში შეიკრიბება და ერთ სასტუმროში დაბინავდება. გუნდები მხოლოდ ვარჯიშებისთვის და თამაშებისთვის გადაადგილდებიან და ერთმანეთთან არ ექნებათ. აღნიშნული რეგულაციებით, 16-წლამდე გოგონათა ევროჩელენჯერის ჩატარება საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციამ (FIBA) კოვიდ 19-ის პანდემიის გამო გადაწყვიტა.