1981 წლის თასების მფლობელთა თასის ფინალიდან 40 წელი გავიდა
1981 წლის 13 მაისი ქართული ფეხბურთისთვის გამოჩეული თარიღია. სწორედ ამ დღეს UEFA-ს ევროპის თასების მფლობელთა თასის 1980-1981 წლების 21-ე გათამაშების გამარჯვებული თბილისის „დინამო“ გახდა.
თბილისის „დინამომ“ ამ გათამაშების 1/16 ფინალში დაამარცხა საბერძნეთის „კასტორია“, 1/8 ფინალში – ირლანდიის „უოტერფორდი“, 1/4 ფინალში – ლონდონის „ვესტ ჰემ იუნაიტედი“, 1/2 ფინალში – როტერდამის „ფეინოორდი“, ხოლო ფინალში – იენას „კარლ ცაისი“.
კოტე მახარაძე: ,,მთელი ცხოვრება ამ დღეზე ვოცნებობდი. ოდესღაც ის შორეული და მიუწვდომელი ჩანდა. მახსოვს, 1972 წელს ,,Неделя“-მ გამოაქვეყნა ჩემი ინტერვიუ და ბოლო კითხვაზე: რაზე ოცნებობთ? ასე ვუპასუხე: ,,მინდა თბილისის დინამოელები ვიხილო ერთ-ერთი ევროთასის ფინალში და რეპორტაჟი მე მიმყავდეს“. ჩემი ნატვრა მაშინ იმდენად თავხედურად ჩანდა, რომ შეუსაბამო ღიმილები გამოიწვია. სულ ცხრა წელი გახდა საჭირო, რომ ის რეალობად ქცეულიყო”.
შოთა ხინჩაგაშვილი: ,,გული საშინლად დამწყდა, როცა გავიგე თბილისში ვრჩებოდი და გერმანიაში გუნდს ვერ მივყვებოდი. ისიც ძნელად გადავიტანე ფინალს რომ ვტოვებდი და მორიგმა ფსიქოლოგიურმა სტრესმა ბოლო მომიღო. ჩემთვის თვითმფრინავში ერთი ადგილი ვერ მოინახა, არადა, როგორ მინდოდა ბიჭებთან ერთად ვყოფილიყავი, გამემხნევებინა. ფინალის დღეს მხოლოდ ფიზიკურად ვიყავი თბილისში. ვერაფერს ვამჩნევდი, ვერაფერს ვგრძნობდი. თამაშს ოთახში გამოკეტილმა, მარტომ ვუყურე. გოლი რომ გაგვიტანეს გავთავდი კაცი, ვგრძნობდი, თვალთ დამიბნელდა. არ ვიცოდი, რა დამემართებოდა ,,დინამოს“ რომ წაეგო. მსაჯმა რომ ჩასტვინა, ადრევე გამზადებული შამპანურით სავსე ყუთი ხელში ავიტაცე და აივანზე გავვარდი. კაცი თავიდან დავიბადე, მილოცავდნენ და ვნატრობდი, ახლა გერმანიაში გადამაფრინა–მეთქი. მე მაინც ბედნიერი კაცი ვარ, რადგან 13 მაისის ღამის თბილისი ვნახე. სტადიონისკენ დაძრული ხალხი ზღვა უდიდეს ბედნიერებას ასხივებდა. ბიჭებს ეს არ უნახავთ, მერე ვუყვებოდი. მაინც რა სიხარული ვაჩუქეთ საქართველოს, თუნდაც ამისთვის ღირდა თითოეული ჩვენგანის მთელი კარიერა“.
საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმის“ ფოტოკოლექცია, დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.