“ახალბედასა და უსუსურ ემიგრანტს არავის დააჩაგვრინებს”  – ემიგრანტის ისტორია 

ქართული ემიგრაცია, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ურთიერთთანადგომისა და მხარდაჭერის მაგალითებს ხშირად გვაჩვენებს ხოლმე. უცხო მიწაზე დროებით მცხოვრები ქართველების ერთადერთ საყრდენს ხშირად  და მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთი წარმოადგენს. 

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, თეონა ჭანტურია “ქართული კვირის” რედაქციას წერილს უგზავნის – ამბავს ერთი უანგარო ქართველი ქალის შესახებ, რომელიც მუდამ მზადაა, გასაჭირში მყოფ ემიგრანტს დაეხმაროს – ხან სიტყვით, ხანაც საქმით. 

“არც მიწისა ხარ არც ცისა!

ისევ დაიწყო იტალიაში ციებ-ცხელება. ჩემი ნება რომ იყოს, ამ ტელევიზორებს ჩემი ბაბუას სახლში საერთოდ გავაქრობდი, ვიღაცამ ჭორის დონეზე ისიც გააჟღერა, კარანტინი ისევ იქნებაო. მთელი დღე უგუნებოდ ვიყავი, წარმოვიდგინე გამოკეტვა, შვილებს ვერ მივაწვდენ საჭმლის ფულსაც კი. აქ თუ ჩაგვკეტეს, იქ, საქართველოში უარესი იქნება-მეთქი, ვიფიქრე  და  სულ ავიჭერი ფიქრებით.

როცა ძალიან მიჭირს ხოლმე, ერთი რაღაცნაირი მეგობარი გოგო მყავს, მეგრელიშვილი თეა, სულ მას ვწერ. განა, ახლობელია ძალიან? – არა, მისთვის სრულიად უცხო ვარ, მაგრამ იმდენად გულიანია, საიმედოა, ერთგულია, არც დავფიქრდები, დღე-ღამის რა დროც არ უნდა იყოს მივწერ ხოლმე – თეაააააა! რა იყო სიხარულო? – არ დააყოვნებს ხოლმე ჩემი ტკბილი გოგო და მაშინვე დამიამებს, გულს დამიმშვიდებს, გაუჩენელს გამიჩენს, შეუძლებელს შეძლებს.

არც მიწისა ხარ, არც ცისა-მეთქი, მინდა ვუთხრა, მაგრამ ამდენადაც ვერ ვუთამამდები.  ახლაც დამამშვიდა – კარანტინზე არ არისო ჯერ ლაპარაკი, დამშვიდდი, არ ინერვიულოო. არასოდეს დამავიწყდება ცხოვრებაში, როცა პირველად კარანტინი დაიწყო იტალიაში, მაშინ საშინელ ოჯახში ვცხოვრობდი, ეზოში გასვლაც კი მეკრძაკებოდა, არათუ ფულის გაგზავნა სახლში, არც თავად გამიგზავნეს და ცრემლს ვერ ვიკავებდი… უცაბედად თეა გამახსენდა, ერთ დღეს მესენჯერში მისი თბილი მონაწერი – “შენი ჩანახატი წავიკითხე და ძალიან მომეწონა, იცოდე, არ ინერვიულო, ამ ქალაქში არაფერს გაგიჭირვებო, ისეთმა ვინმემ მთხოვა, რომ ყურადღება მოგაქციო, უსათუოდ უნდა გავითვალისწინო”. მართალია, მერე გაირკვა, ვინ თხოვა მას ჩემი ყურადღება და ასმაგად მეამა ეს ყოველივე.

ამიტომაც ავდექი და დაურეკე ამ საიმედო მესიჯის ავტორს ,ვუამბე ჩემი რთული პირობების შესახებ, შეწუხდა, მითხრა, მოგაკითხავ თუ გინდა და სახლში ფულს გადაგიგზავნიო. სიხარულისაგან გავშეშდი, როგორც მერე გავარკვიე, ეს ქველმოქმედი გოგო ყოფილა, მთელი ეს კარანტინის პერიოდი უმუშევარ ქართველებს ეხმარებოდა ეკონომიურად, უშიშრად დადიოდა უბან-უბან, თუ კი ვინმე მოწყალებას გაიღებდა ქართველი, თეა ამას ყველაფერს ააკოწიწებდა და ხან ბავშვიან მშიერ ქართველების ოჯახებში მიჰქონდა, ხან დაუსაქმებელი ქალების სამყოფელ ბინაში, სულ გაწამაწიაში იყო ჩემი გოგო. ჭიშკართან რომ მომაკითხა, სიხარულისაგან ცრემლები მომეძალა, მეგონა, ჯოჯოხეთში ანგელოზი მესტუმრა, მანუგეშა, ყველაფერი მალე ჩაივლის და სამსახურის მოძებნაში დაგეხმარებიო, ისეთი ბედნიერი ვიყავი, იმხელა ძალა მომეცა. მივხვდი, რომ ეს გოგო უფლის საჩუქარი იყო ჩემთვის…

თეა ორი ანგელოზი შვილის დედაა, ერთი საქართველოში ჰყავს – ლამაზი გოგონა, მეორე ბიჭი კი თავისთან, არ იშორებს თვალსაწიერიდან, ყველას გვიყვარს თეას ლამაზი ბიჭი, რადგან კარგი დედის შვილია.  დედის, რომლის მიერ ჩადენილი კეთილი საქმეები აუწონელია, საქართველოშიც დახმარება გაუგზავნია უმწეოებისათვის, ტაძრებსაც ეხმარება ხოლმე, ჩემისთანა ახალბედასა და უსუსურ ემიგრანტს არავის დააჩაგვრინებს არასოდეს. 

უფალმა დაგილოცოს სავალი გზები, ჩემო საამაყო ქართველი ქალო, დედავ და მეგობარო…

 _ თეააა!

_ რა იყო, სიხარულო?

_ იცი, ბაბუას შვილმა რაღაც მომწერა და ვერ გავიგე, დამეხმარე, რა.

_ ახლავე თეონა, არ ინერვიულო! –  მპასუხობს და უკან მალევე მიგზავნის თარგმანს ხმოვანი შეტყობინებებით… ჰოდა, მე ახლა გიგზავნი მესიჯს, ჩემო თეა, შენ საუკეთესო ხარ და მიყვარხარ!

თეონა ჭანტურია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები