ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 63 სოფელში ქართული ბიბლიოთეკები მოეწყო
ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობამ „ეკვილიბრიუმი” ახალქალაქის სოფლები კუმურდო, მოდეგამი, ხავეთი და მიასნიკიანი მოინახულა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 63 სოფელში ქართული ბიბლიოთეკები მოეწყო. ყველა მათგანს გადაეცა უახლესი ლიტერატურა. მოძრაობა ამ ბიბლიოთეკების მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს.
„ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ოთხი სოფელი – კუმურდო, მოდეგამი, ხავეთი, მიასნიკიანი – მოვიარეთ. ეს ამ დიდი და უმნიშვნელოვანესი პროექტის ერთგვარი ფინალური გასვლა გამოდგა; სულ ახალქალაქის 63 სოფლის სკოლაში მოვაწყვეთ პატარა ქართული ბიბლიოთეკა. ეს იყო ერთწლიანი საოცარი მოგზაურობები თვეში ერთხელ ულამაზეს ადგილებში და შესანიშნავ ადამიანებთან. დიდი მადლობა მოსწავლეებს და მასწავლებლებს, დიდი მადლობა ლაგის წევრ სერგეი ხაჩატრიანს და ცხადია, ტერეზა ჩივჩიანს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ხელმძღვანელია განათლების რესურსენტრისა საქართველოში. და ბოლოს, ბუნებრივია, უდიდესი მადლობა GIPA-ს გუნდს, განსაკუთრებით, ნანა ქაშაკაშვილს და ქეთი რუხაძეს, რომლებმაც ამ რეგიონში ლაგის გამართვით დიდი სახელმწიფოებრივი საქმე გააკეთეს ჩვენს ადგილობრივ მეგობრებთან ერთად. ამ სოფლებს და ადამიანებს არაერთხელ დავუბრუნდებით”, – აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მოძრაობა „ეკვილიბრიუმის” დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე.