Air France საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს 8 აგვისტოდან განაახლებს
ავია ნიუსის ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნული ავიაკომპანია Air France საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს 8 აგვისტოდან განაახლებს. როგორც საქართველოში Air France-ს გენერალური აგენტი, კომპანია APG Georgia-ში განმარტავენ, ავიაკომპანია სეზონურ ფრენებს პარიზის შარლ დე გოლის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით 8 აგვისტოდან კვირაში 2 – ჯერ შეასრულებს.
“ფრენები პარიზი-თბილისის მიმართულებაზე ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს (გამოფრენა პარიზიდან ადგილობრივი დროით 13:25 საათზე – მოფრენა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით 20:15საათზე) განხორციელდება, ხოლო თბილისი-პარიზის მიმართულებაზე კი ყოველ ხუთშაბათსა და კვირას (გაფრენა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 08:55 საათზე – მოფრენა პარიზის შარლ დე გოლის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით 12:10 საათზე).
რეგულარული რეისები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.“ – ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ Air France საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2019 წლის 31 მარტს შემოვიდა და პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე 17101 მგზავრს მოემსახურა. Air France პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა, რომელიც 1933 წლის 7 დეკემბერს დაფუძნდა და დღემდე 200-ზე მეტი მიმართულებით წარმატებით ოპერირებს. საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის SkyTeam-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია.
როგორც ცნობილია საქართველომ საზღვარი უპირობოდ 5 ქვეყანას გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვას და ესტონეთს გაუხსნა. შესაბამისად, საფრანგეთის მოქალაქეებს/რეზიდენტებს საქართველოში ყველა სახის ვიზიტი მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით შეუძლიათ.
საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ.
მათივე თანხმობის შემთხვევაში, ანდა საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი.
ასევე, სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია.
საქართველოში ჩამოსულ თითოეულ პირთან, მთელი აქ ყოფნის პერიოდში, პროაქტიურ კომუნიკაციაში იქნება და მათზე იზრუნებს სპეციალურად შექმნილი ქოლ-ცენტრის ჯგუფი.