აშშ-დან სამშობლოში 79 მოსწავლე დააბრუნეს
79 ქართველი მოსწავლე, რომლებიც ამერიკაში იმყოფებოდნენ, უკვე საქართველოში არიან. მოსწავლეების ყატარის დედაქალაქ დოჰაში ჩაყვანა ამერიკულმა მხარემ, ხოლო დოჰადან სპეცრეისით თბილისამდე, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო. ქართველ მოსწავლეებთან ერთად, თბილისში ჩამოვიდა 35 მოსწავლე სომხეთიდან, რომლებიც ქართველ თანატოლებთან ერთად ამერიკაში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტშივე გაიარეს სავალდებულო თერმოსკრინინგი და განთავსდნენ თბილისსა და კახეთში არსებულ 2 სასტუმროში, სადაც ისინი 14 დღეს დაყოფენ. კარანტინის დროს, მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სამჯერადი კვებითა და ექიმის 24-საათიანი მეთვალყურეობით, ხოლო უშუალოდ საკარანტინო ზონებს პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ.
რაც შეეხება მოსწავლეებს სომხეთიდან, ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სომხეთში გაემგზავრნენ.
კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 86 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება.
აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი ახალი რეისები ევროპისა და აზიის სხვა ქალაქებიდან, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ.