“ფულით ბედნიერებას და დედის სითბოს ვერ იყიდიან, მეგობარო…”
როგორ და რატომ მიდიან ქალები ოჯახისა და შვილების დატოვების გადაწყვეტილებამდე – ია ნანეიშვილის ჩანახატი:
“_ სულ ამბობ, რომ აქედან წასვლა გინდა… დავუშვათ, წახვედი, მერე?!
_ მერე… ვიმუშავებ და ფულს შვილებს გამოვუგზავნი…
_ შენ გგონია, იქ, სადაც მიდიხარ, ყველაფერი იდეალურად დაგხვდება?!
_ ამაზე უარესი ხომ აღარ იქნება?!
_ უარესი? რა შეიძლება იყოს იმაზე უარესი, ვიდრე შვილებისაგან შორს ყოფნაა?!
_ შვილების ცრემლიანი თვალების ყურება…სახლში დაბრუნებულს, დე, რა მომიტანეს კითხვაზე, ცარიელი ხელების ზურგს უკან დამალვა და სულის წვა…ექიმთან ვერ მიყვანა, წამლებს მაინც ვერ ვიყიდი-ს შიშით…აი, რა არის საშინელება…
_ მერე, სიშორე?
_ სიშორე არაფერია, როცა იცი, ისინი კარგად არიან, ვინც საკუთარ სიცოცხლეს გირჩევნია..
_ მერე,შენი სიცოცხლე?!
_ ჩემი სიცოცხლე მათი ბედნიერებაა…
_ ფულით ბედნიერებას და დედის სითბოს ვერ იყიდიან, მეგობარო…
_ მიეჩვევიან…
_ შენ მიეჩვევი?!
_ ვიღაცამ ხომ უნდა იცხოვროს მიუჩვეველი ტკივილით…
_ როდის მიდიხარ?
_ კვირის ბოლოს…
_ გაგიჭირდება დამშვიდობება…
_ არ დავემშვიდობები…ფრენა ღამითაა, ბავშვებს დავაძინებ, ფრთხილად გულში ჩავიკრავ… ვაკოცებ, მათ სურნელს ჩავისუნთქავ და თან გავიყოლებ… – არ წახვიდე…
_ მათ გამო უნდა წავიდე…
_ კიდევ ერთხელ დაფიქრდი…
_ თუ ვიფიქრებ, ვერ წავალ…ფიქრით გაჭირვებას ვერ ვუშველი…იმედია, ოდესმე შვილები მაპატიებენ…
_ არ დაგიფასდება ამხელა მსხვერპლი ბოლოს…არავის დაუფასდა…
_ თუნდაც არ დამიფასდეს, სანამდე შევძლებ, მინდა ბედნიერები იყვნენ, თუნდაც ჩემი უბედურების ხარჯზე…”
ია ნანეიშვილი