გერმანიაში ქართულ-გერმანული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება
7 მარტს კინო “ლუცერნა“-ში ქართულ-გერმანული დოკუმენტური ფილმის, “გვირაბის” ჩვენება იგეგმება. აღნიშნული კინოჩვენება ფილმის გერმანული პრემიერა იქნება, საერთაშორისო პრემიერა კი 2019 წლის 24 ნოემბერს, ამსტერდამის კინოფესტივალზე შედგა.
ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „გვირაბი“ მოგვითხრობს იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ბოლო 6 წლის განმავლობაში ხარაგაულის რაიონში, „მოლითის“ სარკინიგზო სადგურის გარშემო ვითარდებოდა. საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის ამბიციური პროექტის დაწყებისთანავე პატარა სოფლებისა და იქაური მოსახლეობის ცხოვრების წესი თავდაყირა დგება.
„გვირაბი“ საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.