”საშაურმე” ზოოპარკში
დღეს კიდევ ერთი პოსტი გვინდა შემოგთავაზოთ ზოოპარკის ცხოვრებიდან. იმედი გვაქვს თქვენც იხალისებთ.
‘’ბოლო წლების განმავლობაში შაურმამ განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ქართულ კულინარიულ სამყაროში. ყველაზე ‘’უწუპუწუ გურმანებიც’’ კი დადებენ-ხოლმე შიგადაშიგ პოსტებს, ნახეთ, რა დამემართა, რა დღეში ჩავვარდი, რა შაურმა ჩავიფინეო. თან ვიშვიშებენ, ოხრავენ და თან მუცლებზე ხელებს იტყაპუნებენ.
დღეს ზოოპარკულ შაურმას წარმოგიდგენთ. იდეაში, უბრალოდ აფრიკული მოხატული ძაღლების გამხიარულება გვინდოდა განსხვავებულად მირთმეული სადილით, მაგრამ ისეთი ნივთი გამოგვივიდა, ვოლიერთან რომ ჩამოგევლოთ ამ დროს, უსათუოდ გაიფიქრებდით, ზოოპარკში საშაურმე გაუხსნიათო.
ფოტოებიდანაც მშვენივრად მიხვდებით, მოეწონათ თუ არა. წიოკით დაესიენ და მანამ არ მოეშვნენ, სანამ ბოლო ლუკმა არ შემოაბრდღვნეს. მერე ალბათ ისინიც ვიშვიშებდნენ, ოხრავდნენ და მუცლებზე თათებს იტყაპუნებდნენ.
აუცილებლად გამოჩნდება ახლა ვინმე, ვინც იტყვის, ფუი, ფუი, როგორ არ მიყვარს ეს ცხოველები, რა უსიამოვნოები და ბოროტები არიანო. ჰო, ესეც კიდევ ერთი სტერეოტიპი. თუ ფუმფულაა, მსუქანა და ღილებივით თვალები აქვს, გვიყვარს და თუ ცოტა განსხვავებული გარეგნობით გამოირჩევა, მაშინვე დაუკავშირებს ჩვენი წარმოსახვა რაღაც სიავეებსა და მავნებლობებს. არადა, ძალიანაც საყვარელი, გონიერი და საინტერესო ცხოველები არიან.
ჰოდა, ნურასოდეს შეაფასებთ მხოლოდ გარეგნობის მიხედვით ნურც ცხოველებს და ნურც ადამიანებს.’’