რა უნდა ვიცოდეთ მიგრაციის საფრთხეების თავიდან ასარიდებლად?
შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, საქართველოდან ევროკავშირში სხვადსხვა მიზნით ემიგრირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. მათი უმრავლესობა ევროპას სასწავლო, ტურისტული, საქმიანი ვიზიტით ან მოკლევადიან სამუშაოზე დასაქმების მიზნით სტუმრობს. მოთხოვნის ზრდის პარალელურად, გაიზარდა იმ აგენტებისა თუ ორგანიზაციების რაოდენობაც, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში ლეგალურად დასაქმებაში ეხმარებიან.
თუკი მსგავსი ორგანიზაციების მომსახურებით სარგებლობთ, უნდა გახსოვდეთ, რომ შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შუამავალ კომპანიას, რომლიც ეწევა საქართველოს მოქალაქის უცხოეთში დასაქმების ხელშეწყობას, ეკრძალება საქართველოს მოქალაქისაგან რაიმე სახის გასამრჯელოს აღება საშუამავლო მომსახურებისათვის. მარტივად რომ ვთქვათ, საშუამავლო მომსახურების ღირებულება დამსაქმებელმა კომპანიამ უნდა დაფაროს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, გადაამოწმოთ, რომ კომპანია, რომელსაც თქვენსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობა ჩააბარეთ, ნამდვილად იყოს შესაბამის რეესტრში რეგისტრირებული და საკუთარ საქმიანობის სფეროდ მითითებული ჰქონდეს საზღვარგარეთ დასაქმების ხელშეწყობა.
თუ საზღვარგარეთ წასვლას აპირებთ, გამგზავრებამდე აუცილებლად შეამოწმეთ შემოთავაზებული სასწავლო პროგრამისა თუ სამუშაოს ნამდვილობა და მიიღეთ უსაფრთხოების ზომები – ყოველთვის გადაამოწმეთ ორგანიზაციები, რომლებიც გთავაზობენ დახმარებას საზღვარგარეთ დასაქმებაში, სწავლაში, სტაჟირებას ან საცხოვრებლად გადასვლაში;
ვიზის მისაღებად პირადად მიმართეთ დანიშნულების ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას და ნუ გადასცემთ თქვენს პასპორტს ან პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს სხვას.
წინასწარ გადაამოწმეთ დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული სამუშაოს პირობები. მოითხოვეთ თქვენი დამსაქმებლის ან სასწავლებლის საკონტაქტო მონაცემები.
გაითვალისწინეთ, რომ თქვენი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შეძლებთ და არ დათანხმდეთ მუშაობის დაწყებას შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე.
იმ შემთხვევაშიც, თუ მიგრანტი ლეგალურად იმყოფება უცხო ქვეყანაში და გადაწყვეტილი აქვს იქ ხანგრძლივად დარჩენა, უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი ვიზის ან ბინადრობის ნებართვის ვადის გასვლასთან ერთად, მისი სამართლებრივი სტატუსი ლეგალურიდან არალეგალურზე იცვლება. არალეგალურ სტატუსს კი თან ახლავს ფიზიკურ უსაფრთხოებასა და პირად თავისუფლებასთან დაკავშირებული გაზრდილი რისკები. ამასთან ერთად, არალეგალურად მყოფნი ვერ სარგებლობენ ჯანდაცვის, განათლებისა და იმ სხვა საზოგადოებრივი და სოციალური მომსახურებებით, რომლებიც ხელმისაწვდომია ლეგალურად მყოფი პირებისთვის. აღნიშნულის თავიდან აცილების ერთადერთი გზა ლეგალური სტატუსის შენარჩუნება და ლეგალური მიგრაციაა.
როგორც წესი, არალეგალური მიგრანტების საცხოვრებელი პირობები სავალალოა. ხშირად მათთვის შეუძლებელია ნორმალური ბინის დაქირავება. ხოლო ისინი, ვინც მზად არიან უზრუნველყონ არალეგალი მიგრანტები საცხოვრებლით, ძირითადად სთავაზობენ “საშიშ უბნებს” არადამაკმაყოფილებელი პირობებითა და დაუცველობის დიდი რისკით.
მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი ტიპის საფრთხის გამოვლენის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, იმყოფებით თუ არა ლეგალურად ქვეყნის ტერიტორიაზე, შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას. იგი მოვალეა, სურვილის შემთხვევაში, უზრუნველყოს თქვენი სამშობლოში დაბრუნება.
უპირველეს ყოვლისა, დაუკავშირდით ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, რომელიც ვალდებულია, დაიცვას თქვენი უფლებები და კანონიერი ინტერესები. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ ლეგალურად იმყოფებით უცხო ქვეყანაში თუ არალეგალურად. სურვილის შემთხვევაში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას შეუძლია უზრუნველყოს შესაბამისი დოკუმენტების გაცემა და თქვენი სამშობლოში დაბრუნება.
თუკი დაკარგეთ ან დაგიზიანდათ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საელჩოები და საკონსულოები უფლებამოსილები არიან, გასცენ დროებითი მოწმობა, რომელიც უზრუნველყოფს უცხო ქვეყანაში თქვენს კანონიერ გადაადგილებასა და სამშობლოში დაბრუნებასა.
არალეგალური მიგრაციის, ევროკავშირში ყოფნის ვადების დარღვევისა და სხადასხვა სახის უკანონო ქმედების გამო, ევროკავშირი სულ უფრო მეტ ადამინს ეუბნება უარს საზღვრის გადაკვეთაზე. მათი აბსოლუტური უმრავლესობა თავშესაფრის მაძიებლები არიან. როგორც წესი, ისინი ვერ ადასტურებენ თავშესაფრის მოთხოვნის და ქვეყნის დატოვების რეალურ საფუძვლებს, შესაბამისად, მათ დაახლოებით 95%-ს ევროპა თავშესაფარზე უარს ეუბნება.
შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდგომ, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ ქვეყნებში შესვლაზე უარის თქმის მაჩვენებელი. ამასთან, საჰაერო საზღვარზე მიღებული უარების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აჭარბებს სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე მიღებულ უარებს. შენგენის ქვეყნებში შესვლაზე უარის ყველაზე ხშირი მიზეზი ქვეყანაში ყოფნის მიზნის და გარემოებების დაუსაბუთებლობაა – შესაბამისად, მოწესრიგებული დოკუმენტაციითა და სრული ინფორმაციით გამგზავრება თქვენი ევროკავშირში შესვლის გარანტიაა.