„ნეტავ, ქართველმა დააფასოს სამშობლოში ცხოვრების ფუფუნება“

ამბობს, რომ საქართველოში ყოველი მისი ჩამოსვლა ჟანგბადის ჩასუნთქვის ტოლფასია, რადგან თავის დროზე სამშობლოსთან განშორება ძალიან გაუჭირდა. დროთა განმავლობაში სათქმელი რომ დაუგროვდა, თავის ცხოვრებაზე წიგნი დაწერა. ასე გახდა მაკა კვერენჩხილაძეკარტაიზერი სამშობლოსგან მოშორებით მწერალი. მის წიგნსბილიკები ამერიკისკენმისი სულიერი მეგობარი, მსოფლიოში ფსიქიატრიის მამად წოდებული ჯოელ ელკესიც ეზიარა.

დროთა განმავლობაში მწერლის აქტივში ბევრი საჭირო საქმე და საინტერესო წამოწყება შევიდა. უმრავლესობა საქართველოს უკავშირდებოდა, ამიტომაც, 2017 წელს მას “წარმატებული ემიგრანტი ქალის“ ჯილდო გადაეცა. დღეს, ჩიკაგოში ისე იცნობენ, როგორც კულტურული კავშირების კონსულტანტს, ამიტომაც, ერთხელ, ამერიკელებმა საპატიო მისია დააკისრეს – საქართველოში აშშის ყოფილი ელჩისთვის, იან კელისთვის ქართული ენა და ტრადიციები ესწავლა, რასაც წარმატებით გაართვა თავი.

საინტერესოა, დღევანდელი გადასახედიდან როგორ აფასებს თავის განვლილ, ემიგრანტულ ცხოვრებას და ქართულ საქმიანობას, ამის შესახებ ჩვენი მასალიდან შეიტყობთ.

– მაკა, მახსოვს ერთხელ ინტერვიუში მითხარი, რომ საქართველოში ყოველი ჩემი ჩამოსვლა ჟანგბადის ჩასუნთქვას ჰგავსო…

– ქართულმა, მე ვიტყოდი, ინტელექტუალურმა ჟანგბადმა მართლაც მომცა იმისი ძალა, რომ რთული წლები გადამეტანა. საქართველოში მამასთან, წელიწადში ორჯერ ჩამოვდიოდი. ბოლო დროს ბევრი რამ გავაანალიზე და გადავაფასე. მივხვდი, რომ ყოველი სირთულე ღმერთის ბოძებული ჯილდოა, რომელიც ფიზიკური წინააღმდეგობების, ასაკობრივი თუ ცნობიერი ზრდისა და შემოქმედებითი წიაღსვლების ფონზე, საინტერესო, გარდამტეხი ეტაპის სახით მომეცა.

– ეს ყველაფერი გახდა იმის იმპულსი, რომ შენი სათქმელი შემოქმედებითი საქმიანობით გამოგეხატა?

– დიახ, ასეც იყო. ემიგრანტული გამოწვევების ფონზე, 40 წლის ასაკიდან, როცა ცნობიერშიც ხდება ახალ ეტაპბზე გადასვლა, ჩემი მთავარი სათქმელი შემოქმედებითი საქმიანობით ვთქვი. სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება ჩემი აქტივობები: ქართული კულტურის ცენტრსა და საკვირაო სკოლაში, ასევე ჩემი პირველი წიგნიც “ბილიკები ამერიკისკენ”. ყველაფერი, რაც ვახსენე, საკუთარი თავისა თუ თანამემამულეთათვის დროულად შეყენებული ყავარჯენი იყო, რათა სწორი ნაბიჯები გადაგვედგა. ახლა უკვე მტკიცედ ვამბობ, რომ ამერიკაში ჩემი წასვლა მისია იყო.

 – ამ გადასახედიდან როგორ გაიხსენებ იმ დროს, როცა ქვეყანა დატოვე?

ჩემ სამ შვილთან ერთად ქვეყანა იმიტომ არ დამიტოვებია, რომ  საქართველოში ჩვენი ცხოვრება შეუძლებელი იყო. არც ამერიკულ ოცნებას გავკიდებივარ. 1999-2003 წლებში, ამერიკაში სამჯერ წასულ-დაბრუნებულს, როცა უკვე პირველადი გადარჩენის ეტაპი გავლილი იყო, საქართველოსთან მიმართებაში კონკრეტული გეგმები მქონდა. მაგრამ ჩემი იდეები ყოველთვის გაბედული და განსხვავებული იყო. სიახლეს კი ჩვენთან, სამწუხაროდ, უფრო  მეტად წინააღმდეგობებით ხვდებიან ხოლმე.

ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყებას ბევრი არ გიწონებდა?

– ახლა რომ ვაანალიზებ, იმ დროს ახლობლების დაუფიქრებელმა რეპლიკებმა: “ შენ რა, თავი ამერიკაში გგონია?!” ან “სად უნდა დაბრუნდე და აქ რა უნდა აკეთო სამი შვილით?!” თავისი შედეგი გამოიღო და ჩემი მომავალიც მსხვერპლად შეიწირა. რა გამოვიდა? ის, რომ ახალგაზრდა დედას და ჩემს შვილებს – სამ საუკეთესო ქართველ ვაჟკაცს, ხელი არ შეგვიწყვეს, რომ სამშობლოში დავრჩენილიყავით. ამგვარი გულგრილი დამოკიდებულება რომ დამღუპველია, ამაზე არავინ იფიქრა. ჩემი აზრით, დღესაც ეს გულგრილობაა ჩვენი ყველა უბედურების მიზეზი. დღეს, 21 წლის მერე, ყველას თავის წილ პასუხისმგებლობას ვადებ, სახელი უნდა დავარქვათ ყველაფერს. რადგან – „ავს თუ ავი არ ვუწოდე, კარგს სახელი რა დავარქო?”

დღეს რა ხდება შენი ცხოვრების ამერიკულ ბილიკებზე?

– უამრავი საინტერესო რამ ხდება. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ორი საოცარი ბავშვის „ბიბია“ (ბებია) ვარ. ესენია: კიტა მაღრაძე 2, 8 წლის, რომელიც უკვე  იყო საქართველოში და ლონდონიკო -9 თვის მზისთვალება გოგო. ჩემმა ამერიკელმა რძალმა „დავალება“ მომცა, რომ ბავშვებს ქართული ენა ვასწავლო და ცხადია, ეს ძალიან მაბედნიერებს.

პოეზიის მუზა ისევ გწყალობს თუ ცხოვრებაში უკვე სხვა პრიორიტეტები გაჩნდა?

– პოეზიის მუზამ ასპარეზი სხვა გეგმებს დაუთმო. როცა ლექსების წერა დავიწყე, ჩემს პოეტობას ზოგიერთები გამადიდებელი შუშით აკვირდებოდნენ. მაშინაც ვამბობდი და გავიმეორებ: ჩემი მემუარები, დღიურები თუ ლექსები ჩემივე „მესიჯების“ გამტარებელი იყო. ისინი საჭირო დროს საჭირო სათქმელს ამბობდნენ.. ახლა უკვე თამამად ვამბობ, რომ მაშინ დროს ვუსწრებდი, ასეთებს კი ვერ უგებენ. ამჟამად ორ ქართულ და ორ უცხოურ პროექტზე ვმუშაობ. გარკვეულად, ჭიდილში ვარ საკუთარ თავთან და ვცდილობ, გადავწყვიტო რომელ ტვირთს მოვეჭიდო. ყველაფერს თემიდას სასწორით ხელში ვწონი და იმის მიხედვით ვაფასებ, თუ რამდენად დროული და საჭიროა.

–  2017 წელს “წარმატებული ემიგრანტი ქალის“ ჯილდო გადმოგცეს. შენთვის რას ნიშნავს ეს?

– დიახ, ჩემმა სამშობლომ ეს ჯილდო გადმომცა და ამით ამაყი ვარ. ამ ჯილდოს იდეა არაჩვეულებრივ ემიგრანტ ქალბატონს, ინა ასანიძეს ეკუთვნის და უკვე მე-11 სეზონია, დაჯილდოების ცერემონიალი გრძელდება. ამ იდეის განხორციელებას ხელი შეუწყო საქართველოს მთავრობამ და ემიგრაციის დეპარტამენტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ბატონმა თემურ ჭკუასელმა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმ ემიგრანტებისთვის, რომლებიც სამშობლოსა და ხალხის საკეთილდღეოდ უანგაროდ იღწვოდნენ. ეს ჯილდო ყველასთვის გახდა იმის სტიმული, რომ თავისი ქვეყნისთვის რაიმე სასიკეთო ეკეთებინათ. ამ ნომინაციაში დაჯილდოებული თითოეული ქართველი ერთი რგოლია ჩვენი ქვეყნის ძლიერების მთლიან ჯაჭვში…

რომელია ყველაზე თვალშისაცემი სიახლე, რაც სამშობლოში დაბრუნებულმა შენიშნე?

– აშკარაა, რომ კანონები მყარდება და ქართველი უფრო კანონმორჩილი მოქალაქე ხდება. ეს უკვე წინსვლის წინაპირობაა. ქართველი ხალხი მომავლისკენ გზას გონივრული, პრაგმატული ნაბიჯებით მიუყვება. ახლა ჩვენი ლოცვა უფლისთვის საღი აზრის თხოვნაა. ჩემი ლოცვასავით ნატვრაა: ნეტავ, ქართველმა დააფასოს სამშობლოში ცხოვრების ფუფუნება. შეიგრძნოს საქართველოს ფასი და ღირებულება მსოფლიოს სწრაფად ცვალებადი რეალობის ფონზე. ყოველივე ამის გაანალიზების შემდეგ კი, ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა გააცნობიეროს და იტვირთოს, რათა მიღებული შედეგი სხვებს აღარ დააბრალოს…

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები