ბელგიის ჩემპიონატი საქართველოს მოცურავეთა ნაკრებისთვის ისტორიული აღმოჩნდა

ბელგიის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული აღმოჩნდა. 3 დღის განმავლობაში ქართველმა მოცურავეებმა 4 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს. ტურნირზე დამყარდა 15 ახალი ეროვნული რეკორდი, დაფიქსირდა 23 პირადი საუკეთესო შედეგი და ჩვენი სპორტსმენები 16-ჯერ გავიდნენ ფინალში.

ნოე ფანცხავა — 100 მ. გულაღმა ცურვაში 0:54.91 დააფიქსირა, საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ნოე გახდა პირველი ქართველი მოცურავე, რომელმაც ეს დისტანცია 55 წამზე ნაკლებში გაცურა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მან პირველად შეძლო ამ დისტანციაზე 100 მ გულაღმა ცურვაში საკუთარი შედეგის გაუმჯობესება.

ანა ნიჟარაძე — 100 მ. გულაღმა ცურვაში ოქროს მედალს დაეუფლა და საქართველოს რეკორდი ორჯერ გააუმჯობესა დილის საკვალიფიკაციო გაცურვაში 1:03.50, ხოლო ფინალში 1:02.64.

ანა კალანდაძე — 400 მ. თავისუფალ ყაიდაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საკუთარი საქართველოს რეკორდი 2 წამით გააუმჯობესა 4:16.48.

გოგონების გუნდმა 4×100 კომპლექსურ ესტაფეტაში საქართველოს რეკორდი 9 წამით გააუმჯობესა 4:20.68 შემადგენლობა: ივანოვა ანა,კალანდაძე ანა,ნიჟარაძე ანა,მიქელაშვილი ანასტასია

ისტორიული აღმოჩნდა 4X100 გუნდური კომპლექსური ესტაფეტა — ნოე ფანცხავა, ლუკა ერაძე, ანდრია ჩხიკვაძე და ანდრეა ფოლადაშვილი ოქროს მედლებსა და საქართველოს ახალ რეკორდს დაეუფლნენ — 3:48.89.

გუნდმა 2023 წელს დამყარებული რეკორდიც გააუმჯობესა (3:49.34). ეს თანამედროვე ქართული ცურვის ისტორიაში პირველი გამარჯვებაა ასეთ მასშტაბურ საერთაშორისო ტურნირზე გუნდურ ასპარეზობაში.

ბელგიის ჩემპიონატი ასევე პირველი საერთაშორისო ტურნირი იყო საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელისთვის,  ოლივიე სანგარიასთვის, რომელიც დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები