ძმები ხომერიკები-თამაშით ნასწავლი მსოფლიო გეოგრაფია და ექვსი წლის ასაკში აღებული ჰონორარი

ინდიგო ბავშვების საუკუნეში თითქოს აღარაფერი უნდა გვიკვირდეს, მაგრამ როდესაც ასეთ ისტორიას ვიგებთ, გაოცებისა და სიამაყის გრძნობა მაინც გვეუფლება.

ორ წლინახევრის ვაჩე ხომერიკი ქვეყნების რუკებით მაშინ დაინტერესდა, როცა მის უფროს ძმას, ბექას, სასკოლოდ ამზადებდნენ და საშინაო გაკვეთილებს უტარებდნენ. ბევრი დრო არ გასულა როცა აღმოაჩინეს, რომ ოჯახში თურმე მომავალი გეოგრაფი ეზრდებათ…

რაც შეეხება, უფროს ძმას, ბექას, ის ეკრანს დაუმეგობრდა. გამორჩეული ვიზუალისა და არტისტული ნიჭის წყალობით, უკვე არა ერთ სარეკლამო რგოლში გადაღების გამოცდილებაც აქვს. ამ საქმისთვის ჰონორარსაც კი უხდიან. სამომავლოდ ბიჭებისგან  ექსკლუზიური ინტერვიუს უფლებას ვიტოვებთ. მანამდე კი, მათ დედას, თამარ ფანჯიკიძეს დავუკავშირდით და ყველაფერი პირადად მისგან გავიგეთ…

– ქალბატონო თამარ, როგორ დაიწყო პატარა ვაჩეს გეოგრაფიით დაინტერესება?

– ორი წლის იყო, როდესაც მის ძმას აჩუქეს სათამაშო ლოტო – მსოფლიოს დროშებით. ყოველთვის როცა ბექასთან ერთად ვიწყებდით ქვეყნებისა და დროშების შესწავლას, ვაჩესაც თამაშ-თამაშით ვაძლევდით იმის საშუალებას, რომ ჩვენს ასეთ აქტივობაში ჩართულიყო.

– რამდენ ხანში აღმოაჩინეთ, რომ ასეთ „თამაშს“ შთამბეჭდავი შედეგი მოჰყვა?

– დაახლოებით 2-3 თვეში აღმოვაჩინეთ, რომ ვაჩე უკვე ცნობდა სხვადასხვა ქვეყნის დროშებს და რაც მთავარია, ეს პროცესი ძალიან მოსწონდა. დღეს ვაჩე ორი წლისა და შვიდი თვისაა და უკვე 40-მდე ქვეყანას ცნობს თავისი დროშებით. მისი ბებია გეოგრაფიის პედაგოგია და ისიც ეხმარება. ასე, რომ ბებია და შვილიშვილი გეოგრაფიის შესწავლას ერთად აგრძელებენ.

– როგორც ვიცი, ვაჩეს უფროს ძმას, ბექას, არტისტული ნიჭი აღმოაჩნდა და ხშირად იღებენ სარეკლამო კლიპებში…

– ბექა 6 წლისაა და სხვადასხვა კლიპების გადაღებაში სამი წლიდან მონაწილეობს. პირველად 2021 წელს ქართული ტანსაცმლის ბრენდისთვის “ნიკოლი” გადაიღეს. ეს პოპულარული ბრენდი თავად დაგვიკავშირდა, როცა ბექას ფოტოები და ვიდეოები ნახეს. ძალიან მოეწონათ მისი ვიზუალი და ჩვენც სიამოვნებით მივიღეთ მათი შემოთავაზება.

– შეიძლება ითქვას, რომ იმ სარეკლამო რგოლით ბექას კარიერა წარმატებით დაიწყო?

– იმ სადებიუტო ფოტოსესიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დიახ, შეიძლება ასეც ითქვას, რომ ბექას კარიერის დასაწყისი გახდა. ამის შემდეგ მას ხშირად იღებდნენ როგორც ქართულ, ასევე უცხოურ პროექტებში. დღეს მას კამერებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. მისი პირველი ანაზღაურება გახდა ამ ბრენდის სამოსი, რომელიც კლიპის წარმატების მერე გადმოგვცეს.

– ამის შემდეგ კინოში გადაინაცვლა…

– დიახ, რეჟისორმა ანა ურუშაძემ ის თავის ფილმში ეპიზოდურ როლზე გადაიღო. ფილმი ეკრანებზე დაახლოებით ორი წლის მერე გამოვა.

– პირველი ჰონორარით რა შეიძინა პატარა არტისტმა?

– პირველი ჰონორარი საკმაოდ პატარამ აიღო. ის ფული თავად განკარგა – ძმას საჩუქარი უყიდა.

– იმის გარდა რაც უკვე ვიცით, რით არიან ძმები გატაცებული?

– ორივე ძალიან გატაცებულია სპორტით, განსაკუთრებით ფეხბურთი უყვართ. მომავალში რას გზას აირჩევენ მათი გადასაწყვეტია, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ხელს შევუწყობთ და მათ გვერდით ვიქნებით. გულწრფელად გვჯერა მათი შესაძლებლობების და ორივე ძალიან გვეიმედება…

მასალა მოამზადა თეონა გოგნიაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები