კრაკოვის ეროვნული მუზეუმი საქართველოსადმი მიძღვნილ მასშტაბურ გამოფენას უმასპინძლებს

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ქართული კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა – „ოქროს საწმისი – საქართველოს ხელოვნება“ – 18 აპრილს პოლონეთში, კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში, გაიხსნება.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეს არის უპრეცედენტო მნიშვნელობის გამოფენა უცხოეთში საქართველოს შესახებ და ის პოლონეთის კულტურის მინისტრის პატრონაჟით ტარდება.

მასშტაბური ექსპოზიცია ევროპელ დამთვალიერებელს საქართველოს მდიდარ კულტურას, ქართული ხელოვნების შედევრებს, ყოფის ამსახველ და საბრძოლო ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებს გააცნობს. დაგეგმილია ქართული მოდერნიზმის საუკეთესო წარმომადგენელთა შემოქმედების წარმოჩენაც. პირველად გამოიფინება პოლონეთის სხვადასხვა მუზეუმში დაცული არაერთი ქართული არტეფაქტი თუ ხელნაწერი.

გამოფენაში მონაწილეობს 14 ქართული მუზეუმი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი,  საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი,  ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის სახელმწიფო მუზეუმი, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი; წარმოდგენილი იქნება არჩილ გელოვანის პირადი კოლექცია.

გამოფენაში მონაწილეობს ისეთი დიდი კულტურული ინსტიტუციები, როგორიცაა: ლუვრი, ბრიტანეთის ეროვნული მუზეუმი, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმი, კრაკოვის სახელმწიფო მუზეუმი,  იერუსალიმის მუზეუმი,  ვაველის სამეფო სასახლე და ვარშავის ეროვნული მუზეუმი.

გამოფენისთვის მომზადდა ორენოვანი – ინგლისურ-პოლონური კატალოგი.

საქართველოში ექსპოზიციის მომზადებას ხელმძღვანელობდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი და ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია, რომელიც არის გამოფენის კურატორი. გამოფენას ჰყავს პოლონელი კურატორიც – ცნობილი ბიზანტიოლოგი, პროფესორი მიროს ლავკრუკი.

გამოფენის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული ანსამბლი „შილდა“, ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ჯგუფი „ძირიანი“ და ნინო ნაყეური.

გამოფენა 2024 წლის 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები