კნოკე-ჰეისტიში, გალერეაში „MGallery.be“ ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი მხატვრის – გიორგი შენგელიას ნახატები გამოიფინება

29 მარტს, 17 საათზე, ბელგიის ქალაქ კნოკე-ჰეისტიში, ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი მხატვრის – გიორგი შენგელიას ნახატები გამოიფინება. გამოფენა გაიმართება ახალ გალერეაში „MGallery.be“(მისამართი: Zandstraat 7, 8300 Knokke-Heist België), რომელიც იმავე დღეს გაიხსნება.

„კნოკე-ჰეისტიში უამრავი გალერეაა, საინტერესო ქალაქია და შეიძლება ითქვას ხელოვნების ცენტრია. სწორედ ამ ქალაქში იხსნება ახალი გალერეა – „MGallery.be“, სადაც 2 ბელგიელი და 2 ჰოლანდიელი მხატვრის ნახატები გამოიფინება. როგორც მიხვდით ერთ-ერთი მე ვარ, ქართველი ჰოლანდიელი და აქ წარმოვადგენ სამხრეთის ზღვის პეიზაჟებს. გალერეას ხსნის ქალბატონი მიშელ ვან დამი (Michèle Van Damme). ის ჰოლანდიაში საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა. ქალბატონი მიშელი ადრე ფოტოგრაფიით იყო გატაცებული და საუკეთესო ფოტონამუშევრებს იძიებდა და ფენდა არტფესტივალებზე, ახლა გადაწყვიტა ფერწერაში ეცადა თავი და თავისი გალერეა ჰქონოდა. გასულ წელს, ბელგიაში, ერთ-ერთ გამოფენაზე, სადაც ჩემი ნამუშევრები იყო გამოფენილი, დამიკავშირდა და შემომთავაზა ურთიერთობა გალერეასთან, დეკემბერში მესტუმრა სახელოსნოში და მერე გავაფორმეთ კონტრაქტი.

გალერეაში ჩემი ნამუშევრები დაახლოებით 3-4 თვე იქნება გამოფენილი, მერე, ალბათ, პერსონალურ გამოფენასაც მოვაწყობ“; – განაცხადა გიორგი შენგელიამ „ქართულ კვირასთან“ საუბრისას.

გიორგი შენგელია სოხუმში დაიბადა, შემდეგ სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, 2003 წლიდან კი მოღვაწეობს და ცხოვრობს ნიდერლანდების სამეფოში. გიორგი შენგელიას ნახატები გაბნეულია მთელ მსოფლიოში. შეგიძლიათ ნახოთ შეერთებულ შტატებში, შვედეთში, შვეიცარიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ნიდერლანდებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები