მე 45 წლის ასაკში დავიწყე სუნთქვა და ვეღარ ვისუნთქებ ხელოვნების გარეშე

ცოტა ხნის წინ, ნიუ – იორკში მცხოვრები ხელოვანების ჯგუფური გამოფენა გაიმართა, რომლის ორგანიზატორი და იდეის ავტორი კომპანია LE LA NI . COR . NY  გახლდათ. კომპანიის დამფუძნებელი ლელა ნინუაა. ამ ორგანიზაციის ყველა საღამოს წარმდგენი კი ემიგრანტი ქალბატონი თამუნა მოსიძე, რომელიც 23 წელია ამერიკაში ცხოვრობს და ყველა ქართულ საქმეს გვერდში უდგას.  ხელოვანების გაერთიანებას და ამ გამოფენას მხარს უჭერდა საქართველოს საკონსულო ნიუ – იორკში. ვიცე კონსული ნინო ჯაფარიძე დაესწრო და გაესაუბრა გამოფენის მონაწილეებს და მომავალშიც აღუთქვა მხარდაჭერა. დღეიდან, „ქართული კვირა“ ამ გამოფენის მონაწილეებს გაგაცნობთ, რომლებიც თავის პატარა ისტორიას მოგვიყვებიან. ჩვენი პირველი სტუმარია  მხატვარ – დიზაინერი, ეკატერინე ტუჩაშვილი.

„18 წლის განმავლობაში მეთაკილებოდა თუ ვინმე იტყოდა, რომ ეკა მხატვარია.  ერთხელ შორიდან შევხედე ჩემ ცხოვრებას, რა შემიქმნია, არაფერი ? მერე რა, რომ მე და ჩემმა მეუღლემ დამოუკიდებლად სამი შვილი გავზარდეთ ემიგრაციაში? – სიცარიელე ვიგრძენი და როცა ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი ვხვდებოდი, რომ ვქრებოდი. 18 წლიანი პაუზის შემდეგ, როცა ფუნჯი ცრემლებთან ერთად კიდევ ერთხელ ავიღე ხელში, ჩემი ავტოპორტრეტი შევქმენი. მაშინ ვუთხარი ჩემ თავს, რომ ხელოვნების გარეშე შენ ვერ იარსებებ.

2018 წელს ანდრეს აკინოსგან მივიღე შემოთავაზება რომ გამეკეთებინა coutur fasion week-ი სახელწოდებით ნიუ – იორკი. 37 კოსტიუმი ერთ თვეში შევქმენი და ჩემ თავს ვუთხარი – ეკა შენ ყველაფერს შეძლებ.

მალევე საოცარი ჰარმონია ვიგრძენი თიხასთან. თვითონ დავიწყე შესწავლა. მოგვიანებით ტექნიკა პროფესიონალებთან განვამტკიცე. გამიტაცა ხელნაკეთმა ნივთებმა. თითქმის ყველაფრის ხელით შექმნა შემიძლია. ჩემი თოჯინები ამბავს თვითონ მიყვებიან, მაგრამ ჩემი ნახატებით ამბავს მე ვყვები და სრულიად სამყაროს სუნთქვას ვგრძნობ და ეს არის საოცარი შეგრძნება.

ჩემთვის ჩემი ხელოვნება მთლიანად სულიერებაა, რომელიც არავის და არაფერს არ ჰგავს, ის წერს თავის ისტორიას და ჰყვება ცხოვრების ამბავს. მე რომ არ ვყოფილიყავი ხელოვანი, მაინც ვიქნებოდი ხელოვანი. არასდროს არ არის გვიან. მე 45 წლის ასაკში დავიწყე სუნთქვა და ვეღარ ვისუნთქებ ხელოვნების გარეშე. ჩემი ოჯახი ჩემი ცხოვრებაა ხელოვნება კი ჩემი სამყარო.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები