ოტო შალის მიერ ტყეში ნაპოვნი ვაზიდან დაწყებული ღვინის ისტორია – ადგილწარმოშობის დასახელება „ასურეთული შალა“

ქვემო ქართლის მხარეში არაერთ სოფელს თუ რაიონულ ცენტრს შეხვდებით, სადაც აბრებზე, ქართულ დასახელებასთან ერთად, გერმანულ სიტყვებსაც ამოიკითხავთ. ეს ისტორია უკავშირდება მეფის რუსეთის მიერ XIX საუკუნის 20-იან წლებში საქართველოში ჩამოსახლებულ გერმანელ კოლონისტებს, რომლებიც ამ მხარეში დაბინავდნენ, საცხოვრებელი სახლები ააშენეს და სოფლებს საკუთარ ენაზე სახელებიც დაარქვეს. მაგალითისთვის, ასურეთის მეორე სახელწოდებაა ელიზაბეტალი. ამ სოფელში მოგზაურობისას თვალში მოგხვდებათ გერმანული არქიტექტურის სახლები და სასაფლაო.

ბუნებრივია, როგორც ყველა ადგილობრივი მაცხოვრებლის, მათი ცხოვრების ნაწილიც გახდა მესაქონლეობა, მიწათმოქმედება და ხელოსნობა. ასურეთში დღემდე შემორჩენილია გერმანელების დანატოვარი უნიკალური მატერიალური ძეგლები: ღვინის მარანი, გოგირდის აბანო, გოთიკური სტილის ლუთერანული ეკლესია და სხვა კულტურულ-არქიტექტურული ნიმუში. რაც შეეხება ღვინოს, უშუალოდ ვაზის ძველი ენდემური ჯიში – ასურეთული შავი, გერმანელების შემოსვლამდეც არსებობდა ძველ ასურეთში, შემდეგ კი ერთმა გერმანელმა მოსახლემ, ოტო შალმა ვაზი ტყეში იპოვა, დაინტერესდა, გაამრავლა, კულტივირება დაიწყო და დააყენა ღვინო. ღვინოს აღმოაჩნდა განსაკუთრებული არომატი და გემო – ექსტრაქტული, დახვეწილი, სასიამოვნო ხალისიანი მჟავიანობით, მაყვლისა და შავი მოცხარის ტონებით. ღია ლალისფერიდან მუქ ლალისფერამდე შეფერილობით. ამავე ღვინის დაყენებით დაინტერესდნენ სხვა მოსახლეებიც, გერმანელებმა გაიზიარეს ერთმანეთის გამოცდილება და მთელი სოფელი ღვინის მწარმოებლად გადაიქცა. პატივისცემის ნიშნად ღვინოს „შალა“ უწოდეს და ის დღემდე ამ სახელითაა ცნობილი.

ასურეთული შალა არის წითელი მშრალი ღვინო. იმდროინდელ ელიზაბეტალში მისი წარმოება იმდენად გაფართოვდა, რომ სოფლიდან 7 კილომეტრში ვენახები გაშენდა, მოსავალმა იმატა, აშენდა უნიკალური სამსართულიანი მარანი (მას 2017 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა), გაიხსნა მაღაზიები. ხალხი ღვინის შესაძენად სხვადასხვა ქალაქიდან ჩადიოდა. შემდეგ ღვინო გავრცელდა თბილისში, ბაქოსა და ერევანში.

შალა დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ ღვინის უნიკალურობას განაპირობებს მიკროზონა, სადაც ვენახები გაშენებულია თიხნარ ნიადაგებზე. სწორედ კიშტოვან-მარცვლოვანი სტრუქტურის შემადგენლობით გაჯერებული ნიადაგი ანიჭებს ღვინოს მდიდარ გემოსა და კომპლექსურობას, სიტკბოსა და სიმჟავის ბალანსს.

ასურეთული შალა მზადდება მხოლოდ მწიფე ყურძნისგან, რომლის შაქრიანობა კრეფის დროს უნდა იყოს არანაკლებ 19%. ღვინის ფაქტობრივი მოცულობით სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 11%-ზე ნაკლები, შაქრიანობა კი არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს.

ასურეთული შალას წარმოებისთვის განკუთვნილი ყურძენი მოწეული უნდა იყოს მხოლოდ მიკროზონაში გაშენებული ვენახებიდან და მისი გადამუშავება და ღვინის დამზადებაც უნდა მოხდეს მხოლოდ ამ მიკროზონის საზღვრებში.

ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „ასურეთული შალა“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2022 წლის 24 ნოემბერს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე.

წყარო: საქპატენტი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები