მისტიკური და სიზმრისეული ისტორიის ღვინო – ადგილწარმოშობის დასახელება „ოყურეშის უსახელოური“

ისტორიკოსი სტრაბონი, ფილოსოფოსი არიანე, უამრავი მკვლევარი და წყარო წერს, რომ პრომეთე და ამირანი ერთი და იგივე გმირია. მიჯაჭვული ამირანის ლეგენდა კი შეიძლება სწორედ რომ ხვამლის, ანუ ხომლის მთას უკავშირდებოდეს.

ერთია მსოფლიო ისტორია, მეორე კი „ქართლის ცხოვრება“, სადაც მე-13 საუკუნეში, ჯალალედინის მიერ საქართველოს აოხრების შემდეგ, ასეთი ჩანაწერია გაკეთებული: „ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხვამლის მთამ გადაარჩინოს“. ეს კი ნიშნავდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შემოსევებით აოხრებულ ქვეყანაში თუ რამ საჭურჭლე (საგანძური) შემორჩა, ყველაფერი ხვამლის გამოქვაბულებში იყო დაბინავებული.

ასე შეიქმნა ხვამლის ლეგენდა, რომლითაც გიგანტურმა და მიუდგომელმა მთამ მეტი მისტიკა შეიძინა. სხვადასხვა დროს არაერთი ისტორიკოსი დაინტერესებულა, მართალია საგანძურის ამბავი თუ არა. იგივე შეკითხვები სტალინსაც გაუჩნდა და მისი პირდაპირი დავალებით ორჯერ გაგზავნეს ექსპედიციაში მთამსვლელი ალიოშა ჯაფარიძე. მომდევნო წლებშიც არაერთი სამთო ექსპედიცია ჩატარდა მთის მიუვალ გამოქვაბულებსა და გვირაბებში. საგანძური ვერა, მაგრამ მნიშვნელოვანი პიქტოგრამები კი აღმოაჩინეს ქვაბულის კედლებზე. მათ შორის, ღვინის კულტურის აღმნიშვნელი გამოსახულებები, რომლებიც დღეს ღვინო „ოყურეშის უსახელოურის“ ეტიკეტზეა გამოტანილი. თუმცა, ეს მხატვრული გაფორმების ნაწილია, საქპატენტის რეგულაციების მიხედვით კი, რომელიც სპეციფიკაციაში აისახება, ეტიკეტზე მოითხოვება მხოლოდ შემდეგი სიტყვების დატანა: „ოყურეშის უსახელოური – დაცული ადგილწარმოშობის დასახელება“ .

დიახ, სწორედ ეს მისტიკური და სიზმრისეული ისტორია უდევს საფუძვლად უსახელოურის ჯიშის ყურძნისგან დაწურულ, საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებულ ღვინოს. უსახელოურის ჯიშის ყურძენი სწორედ ხვამლის მთის ფერდობებზე ხარობს. მთის იმ ფრაგმენტზე, რომელიც ცხენისწყლის ხეობის მხარესაა მოქცეული. არავინ იცის, ზუსტად რა პერიოდიდან ჩნდება კონკრეტულად ეს ჯიში, მაგრამ მე-20 საუკუნის შუა წლებიდან იწყება მისი წარმოება. ამავე საუკუნის მეორე ნახევარში კი უსახელოურის ყურძნის ღვინო „უსახელოურის“ სახელით ხვდება არაერთ საერთაშორისო კონკურსზე. საერთო ჯამში, ამ ღვინოს მოპოვებული აქვს ხუთი ჯილდო, მათ შორის, ორი ოქროს მედალი.

ოყურეშის უსახელოური“ წითელი ღვინოა, რომელიც შაქრიანობის მიხედვით შეიძლება იყოს სამი სხვადასხვა კატეგორიის: მშრალი, ბუნებრივად ნახევრად მშრალი ან ბუნებრივად ნახევრად ტკბილი.

ღვინოს აქვს მუქი ალუბლისფერი შეფერილობა. კურკოვანი წითელი ხილის არომატი და წითელი მოცხარის ტონები. მისი ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა მშრალი ღვინისთვის არ უნდა იყოს 13.5%-ზე ნაკლები, ხოლო ნახევრად მშრალი და ნახევრად ტკბილი ღვინოებისთვის 11,0%-ზე ნაკლები. შაქრიანობა მშრალ ღვინოში არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს. ნახევრად მშრალში – 4-18 გ/ლ-მდე, ხოლო ნახევრად ტკბილ ღვინოში 18-45 გ/ლ-მდე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ღვინო მზადდება მხოლოდ მწიფე ყურძნისგან და მხოლოდ იმ მიკროზონაში, სადაც ბუნებრივად ხარობს მისი მოსავალი.

ლეჩხუმი ზოგადად ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლება მევენახეობა-მეღვინეობისთვის. ზემოთ მოყოლილი პიქტოგრამების არსებობით შეიძლება ისიც ვივარაუდოთ, რომ ამ მხარეში, უძველესი დროიდან აწარმოებდნენ ღვინოს.

ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „ოყურეშის უსახელოური“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2022 წლის 30 აგვისტოს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე. 

წყარო:საქპატენტი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები