ათენში თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სასწავლო სტიპენდიების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 2023 წლის 5 სექტემბერს საბერძნეთის წმინდა სინოდის ორგანიზებით ათენში თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სასწავლო სტიპენდიების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ღონისძიება გახსნა ათენისა და სრულიად საბერძნეთის არქიეპისკოპოსმა იერონიმოსმა, რომელმაც პირადად გადასცა ბერძენ და უცხოელ სტუდენტებს სტიპენდიის მინიჭების სერტიფიკატები და დალოცა ისინი.

სასიხარულოა, რომ სტიპენდიანტებს შორის ოთხი ქართველი სტუდენტია ათენისა და თესალონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, რომლებიც თეოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატში, მაგისტრატურაში და დოქტორანტურაში განაგრძობენ უმაღლესი განათლების მიღებას.

“საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს საელჩოს პირველმა მდივანმა ანი უძილაურმა მადლობა გადაუხადა ათენისა და სრულიად საბერძნეთის არქიეპისკოპოს იერონიმოსს, ასევე საბერძნეთის წმინდა სინოდის წარმომადგენლებს, ქართველი სტუდენტების მხარდაჭერისთვის.

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო წარმატებულ აკადემიურ წელს უსურვებს ჩვენს ახალგაზრდებს – ნინო საძაგლიშვილს (დოქტორანტი), თორნიკე მანიაშვილს (მაგისტრანტი), ნიკოლოზ გურგენიძეს (დოქტორანტი), თამაზ გიბიშვილს (ბაკალავრი) ამ მნიშვნელოვან გზაზე”, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები