მარიამ კალანდია სწავლას University of Edinburgh-ის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული მარიამ კალანდია სწავლას University of Edinburgh-ის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს. ის ასევე მიიღეს Queen Mary University და SOAS University of London-ში, თუმცა საბოლოო არჩევანი ედინბურგის უნივერსიტეტის სასარგებლოდ გააკეთა.

“მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლაში ვისწავლე ესეების წერა, პრეზენტაციების ჩატარება, დისკუსიებში მონაწილეობა, შუალედურების კვირების გადალახვა. ასევე, სემინარზე ნებისმიერი, თუნდაც სულელური აზრის გამოთქმის სითამამე შევიძინე.

მეთორმეტე კლასში ვამბობდი, რომ ვაბარებ თავისუფალში, მართვაზე, იმისათვის, რომ ვიყო განათლებული. მქონდა შეგრძნება, რომ სკოლაში ჩემი შესაძლებლობები სათანადოდ არ გამოვიყენე და მეტის გაკეთება შემეძლო. მერე გავიგე, რომ მართვა ფაკულტეტია, რომელზედაც სწავლობ ფილოსოფიას, ანთროპოლოგიას, ეკონომიკას, პოლიტიკას და ლიტერატურის პერსონაჟებს ისე არჩევ, რომ ცხოვრების ბოლომდე შენს ფიქრებში რჩებიან.

მართვაზე გამიღრმავდა ინტერესი პოლიტიკასა და განათლებაში. განათლებამ იმდენად დამაინტერესა, რომ ჯუნიორ პროექტი, ნიკოლოზ ალექსიძის ხელმძღვანელობით, ამ თემაზე დავწერე. განვიხილე განათლების სისტემის დღევანდელი გამოწვევები და როგორ შეიცვალა სტუდენტების მიერ განათლების სფეროს აღქმა ბოლო ათწლეულში. მეოთხე კურსზე ჩემს კურსელებთან, ნათია სამუშიასთან და ლევან რამიშვილთან ერთად ვმუშაობდი ეროვნული გამოცდების რეფორმაზე, როგორი ცვლილება შეგვიძლია შევიტანოთ საქართველოს განათლების სფეროში. დავინტერესდი საქართველოს პოლიტიკის ისტორიით და მივიღე მონაწილეობა პოდკასტი „De Re Publica“-ს სოციალური მედიის მართვაში.

თავისუფალ უნივერსიტეტში და მის გარეთაც ეს ოთხი წელი ჩემთვის შესაფერისი კარიერის ძიებაში გავატარე. ვწერდი სტატიებს ონლაინ ჟურნალისთვის, გავიარე სტაჟირება სადაზღვევო კომპანიაში, მცირე ბიზნესის მენეჯერი ვიყავი და ნელ-ნელა მივხვდი, რომ ბიზნესის სფერომ გამიტაცა. მივხვდი, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ორგანიზაციული ქცევა და სტარტაპ ბიზნესების მენეჯმენტი მაინტერესებს და ედინბურგის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა აღმოვაჩინე”, – განაცხადა მარიამ კალანდიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები