მსოფლიოს 35-ე ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ეროვნულმა ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა

უნგრეთის ქალაქ სეგედში დასრულდა მსოფლიოს 35-ე ოლიმპიადა ინფორმატიკაში, რომელშიც 90 ქვეყნის 355 უძლიერესი მოსწავლე მონაწილეობდა. საქართველოს მოსწავლეთა ეროვნულმა ნაკრებმა ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზა და 4 მედალი მოიპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი, საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი ინფორმატიკაში გიორგი მანდარია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“სპეციალისტების მიერ ეს ოლიმპიადა უკვე შეფასდა როგორც მსოფლიო ოლიმპიადების ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი. მიუხედავად ამისა, ჩვენი გუნდის ოთხივე მონაწილემ მედლის აღება მოახერხა, რაც ძალიან სასიხარულოა. ლუკა მელაძემ, ლუკა მოსიაშვილმა და ირაკლი სულამანიძემ (სამივე კომაროვის სკოლა) ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს, ხოლო თარაშ დოლაბერიძემ კი (ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა) ვერცხლის მედალი. უნდა აღინიშნოს, რომ ოთხივე მათგანი ამასთანავე საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრ “მზიურის” აღსაზრდელიცაა.

თუმცა, ქართველები ამ ოლიმპიადაზე ოქროს მედლის გარეშე მაინც არ დარჩენილან. ოქრო ჩვენმა თანამემამულემ ერეკლე როინიშვილმა მოიპოვა დიდი ბრიტანეთის ნაკრების შემადგენლობაში, სადაც უკვე მესამე წელია ირიცხება და წელს ამ ნაკრებში წინა წლების ასევე წარმატებული მოღვაწეობა ოქროთი დაასრულა. იგი უკვე კემბრიჯის პრესტიჟული უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა და ახალ ასპრეზზეც დიდ წარმატებებს ვუსურვებ”, – წერს გიორგი მანდარია.

საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები დღეს დაბრუნდა საქართველოში და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის მოემზადება, რომელიც 8-14 სექტემბერს, ქუთაისში, საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები