ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს გიმნაზიადაზე ოთხი მედალი მოიპოვა

ქართველი მოჭიდავეები რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე გიმნაზიადაზე (მსოფლიოს სასკოლო სპორტულ თამაშებზე) ბრწყინვალედ გამოვიდნენ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები შეჯიბრებაში მხოლოდ ოთხი სპორტსმენით ჩაება და ოთხივე კვარცხლბეკზე ავიდა.

ლუკა ხაინდრავამ (52 კგ), ერეკლე თავბერიძემ (57 კგ) და ლუკა მარტიაშვილმა (75 კგ) დაუმარცხებლად იჭიდავეს და ჩემპიონები გახდნენ. დათო შავაძემ (44 კგ) კი მხოლოდ გადამწყვეტი შეხვედრა წააგო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ინდივიდუალური შეჯიბრების დასრულების შემდეგ, ორგანიზატორებმა სახელდახელო გუნდური პირველობისთვის შეარჩიეს მსოფლიოს ნაკრები და მასში ოთხივე ქართველი შეიყვანეს.

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ოთხივე ქართველმა ჩვეულზე მაღალ წონით კატეგორიებში მიიღო მონაწილეობა და ოთხივემ ასპროცენტიანი დადებითი შედეგით (ორ-ორი მოგებით) დაასრულა გუნდური შეჯიბრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები