ლევილის პირველი ქართული ფესტივალი დასრულდა

20 აგვისტოს ლევილში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალის დასკვნითი ღონისძიებები გაიმართა. სტუმრების წინაშე წარდგნენ ფოლკლორული ანსამბლი ,,იალონი” და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი რეჟისორ ივანე ხუციშვილის სპექტაკლით ,,ყველაფერი ნამდვილად იყო”. ფესტივალი სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „ერისიონის“, კონცერტით დაიხურა, მანამდე კი ,,ერისიონის” მომღერლებმა საგალობლები და რევაზ ლაღიძის ,,ჩემო კარგო ქვეყანავ” შეასრულეს ლევილის ქართულ სასაფლაოზე, სადაც დაკრძალული არიან საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები და ემიგრაციის სხვა წევრები.

ლევილის ქართული ფესტივალი წელს პირველად, 29 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას მიმდინარეობდა. ღონისძიებებს ყველა მსურველი უფასოდ ესწრებოდა.

ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი იყო პირველი მასშტაბური ღონისძიება, რომელიც XX საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ ლევილის მამულში გაიმართა.

საფესტივალო პროგრამაში ჯამში 300-მდე ხელოვანი მონაწილეობდა. მათ შორის: საქართველოს კამერული გუნდი სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი („იავნანამ რა ჰქმნა?!“ და „საქართველო“, რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი), ფოლკლორული ანსამბლი „მარგალიტი“, საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი, ანსამბლი „ბასიანი“, ქუთაისის კამერული გუნდი, ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო თეატრი („ხალდე“ და „ჩემო კალამო“, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე), ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი („მატარებელი“, რეჟისორი გოჩა კაპანაძე), ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი („ფიროსმანი“, რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი).

“ღონისძიებები, უპირველეს ყოვლისა, ევროპაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის გაიმართა. ქართველი ემიგრანტებისა და უცხოელების მზარდი ინტერესი და საფესტივალო ღონისძიებებზე სტუმრების რაოდენობა მოწმობს, რომ ფესტივალმა საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. ფესტივალი ნათელი მაგალითია იმისა, რომ კულტურის სამინისტრო წარმატებით ახორციელებს გეგმას, რომლის მიხედვით, ჩვენს ქვეყანას ლევილის სახით ევროპაში ექნება მრავალპროფილური კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი და გაგრძელდება ტრადიცია, რომელსაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მესვეურებმა ჩაუყარეს საფუძველი”, – ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები