წერილი ომში დაღუპულ მამას…

რუსეთ – საქართველოს 2008 წლის ომში დაღუპული მებრძოლის, ბადრი ბერანძის შვილის, 18 წლის, საბა ბერანძის წერილი მამას. 

“ბევრი ვიფიქრე და ვერ გადავწყვიტე, საიდან დამეწყო შენთან საუბარი, მამა… შენთან გატარებულ რომელ მოგონებაზე მესაუბრა… დიდი დრო გავიდა, 15 წელი, მაგრამ ჩემი მეხსიერებიდან არასდროს გამქრალა შენი სითბო და სიყვარული.

მთელი ჩემი ცხოვრება, ვიზრდებოდი იმის მოსმენით, რომ მამაჩემი გმირია, რომ მან ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას შესწირა თავი. მე, მუდმივად ვცდილობდი და ვეცდები, შენი გმირული სახელი გავამართლო და გავხდე ისეთი ადამიანი, რომლითაც იამაყებდი.

უკვე 18 წლის ვარ, სტუდენტი გავხდი, იმ ეტაპზე ვარ, როცა მოზარდი აქტიურად იწყებს ფიქრს საკუთარ მომავალზე. როგორ მინდოდა, ეს ყველაფერი შენც გენახა, როგორ გავიზარდე, როგორ ვისწავლე სკოლაში, როგორ ჩავაბარე უნივერსიტეტში გამოცდები…

რამდენჯერ მინატრია, შენს გვერდით ყოფნა, შენი რჩევის მოსმენა. ძალიან ბევრი მაქვს შენთვის სათქმელი, გასაზიარებელი, ბევრი ემოცია და აზრი…

შენი სიყვარული მუდამ ჩემი ცხოვრების გზამკვლევი იქნება, მე სამუდამოდ შევინახავ ჩემს მეხსიერებაში იმ დროს, რაც ერთად გავატარეთ, რაც არ უნდა ხანმოკლე ყოფილიყო ის.

სანამ ისევ არ შევხვდებით, იცოდე, რომ ყოველდღე გულით გატარებ…

სიყვარულით შენი საბა.”

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის, ნოდარ დევნოზაშვილის ვაჟი, 19 წლის შალვა:

2008 წლის შემდეგ ჩვენი ცხოვრება სრულიად შეიცვალა და დიდმა ტკივილმა და ცრემლმა მოიცვა,მამა… ძალიან გვიჭირდა… დედა მუშაობდა, ტკივილით სავსე გულით, თუმცა, ჩვენ, თავის ტკივილსა და ცრემლებს არ გვაჩვენებდა; განსაკუთრებით მე გამიჭირდა უშენობით გამოწვეულ ტკივილთან შეხვედრა და უმამობის ტრაგედიასთან გამკლავება, მამა… ყოველ ღამე ველოდებოდი შენს დაბრუნებას, რადგან არ მინდოდა, შევგუებოდი იმ აზრს, რომ შენ ჩვენთან ვეღარ მოხვიდოდი…

ხომ გახსოვს, დავითს, ბავშვობიდან უნდოდა, შენს გზას გაყოლოდა და სამხედრო გამოსულიყო; მისი ოცნება მხოლოდ ის იყო, საქართველოს თავდაცვის ძალებში ემსახურა და ჩვენი სამშობლო დაეცვა. ასეც მოიქცა – აისრულა ოცნება მამა, დღეს, სამხედრო ფორმა აცვია და მას, სიყვარულით და სიამაყით ატარებს. პირველად, სამხედრო ფორმა რომ ჩაიცვა, თქვა: “ჩემში მამა გაცოცხლდა, თუმცა, ჩემგან არც არასოდეს წასულა, ყოველ წამს და წუთს სულ ჩემთან და ჩემშიაო!”

სულ ვცდილობთ, შენსავით სამართლიანი, კეთილგონიერი, სამშობლოს მოყვარული ვიყოთ და ისეთივე პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ საქმეს, როგორც ამას შენ აკეთებდი, მამა. როგორ მენატრებოდი, როგორ მიჭირდა უშენობა! მე ხომ მხოლოდ 4 წლის ვიყავი, როცა შენ ამ უსამართლო ომს შეეწირე… წახვედი და აღარ დაბრუნდი! მას შემდეგ, რასაც არ უნდა ვფიქრობდე, ვაკეთებდე, სულ იმას ვეუბნები საკუთარ თავს: “ისე მოიქეცი, როგორც მამა მოიქცეოდა! ისეთი ღირსეული იყავი, როგორც ამას ნოდარ დევნოზაშვილი იმსახურებს!”

ვერ წარმოიდგენ, როგორ მიხარია, როცა მეუბნებიან მამაშენს ჰგავხარ, ისეთივე სამართლიანი ხარო… სწორედ ამიტომ გადავწყვიტე სამართალმცოდნეობაზე ჩამებარებინა; მინდა, მთელი ჩემი ცხოვრება სიმართლის სამსახურში ვიდგე! ყველა დაჩაგრული და უიმედო ვანუგეშო, იმედი მივცე და მასთან ერთად გავიმარჯვო!

ყველაზე მეტ ძალას ის გვაძლევს, ის გვამხნევებს და ბრძოლის სულისკვეთებას იმის შეგრძნება გვიღვივებს, რომ მამაჩვენი გმირია, რომელმაც ჩვენს სამშობლოს შესწირა თავისი ლამაზი სიცოცხლე და ამაყად დავდივართ ამ მადლიან მიწაზე, მამა! მადლობა ამ სიამაყისთვის, მადლობა თავგანწირვისთვის, მამა!

უსასრულოდ მიყვარხარ და მენატრები….

შენი შვილი, შალვა!”

ელენე ჭონიშვილი, 17 წლის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის, ოლეგ ჭონიშვილის შვილი:

“ხშირად მეფიქრება იმაზე, როგორი იყო მამა, როგორი იქნებოდა ის ახლა და როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება მამასთან ერთად. ომის დროს, მხოლოდ 2 წლის ვიყავი, სამწუხაროდ, არ მახსოვს მასთან ერთად გატარებული დრო, არც ერთი წამი არ შემორჩა ჩემს მეხსიერებას. მამას, მხოლოდ ახლობლების დახატული პორტრეტით ვიცნობ, რომელიც შთაბეჭდილებას მიქმნის, როგორი იყო ის.

ახლაც მახსენდება მძიმე მოგონებები ჩემი ბავშვობიდან. მახსოვს, როგორ ელოდებოდნენ ბაღში, სკოლაში მამებს ჩემი კლასელები, როგორ ძალიან მინდოდა, ჩემთვისაც მოეკითხა მამას, რომელსაც მთელი ბავშვობა ველოდებოდი. ვიცოდი, რომ არ მოვიდოდა და ჩემგან ძალიან შორს იყო, მაგრამ დაუღალავად ვუყურებდი კარებს, საიდანაც მეგონა, რომ შემოვიდოდა. განუწყვეტლივ ვიყურებოდი უკან, რადგან სულ მეგონა, რომ მამა მომყვებოდა და მიყურებდა.

მიუხედავად იმისა, რომ გავიზარდე, ახლაც ველოდები… ხანდახან ვეშვები ღრუბლებიდან და თვალს ვუსწორებ რეალობას და ვხვდები, რომ ეს ჩემი ფანტაზიის ნაწილია, მაგრამ ამის წარმოდგენაც კი იმდენად მავსებს და მაბედნიერებს, რომ მინდა, არასდროს შევწყვიტო ამაზე ოცნება… მენატრება… უზომოდ მენატრება!.. ვცდილობ, მის მონატრებას, მასზე ამბების მოსმენით გავუმკლავდე, რომელიც, თითქოს, მეხმარება, შევქმნა მამის პორტრეტი. ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, უზომოდ დიდი პასუხისმგებლობაა, მერქვას ოლეგ ჭონიშვილის შვილი.

ვიცი, რომ ძალიან შორს ხარ, თუმცა, მართლა მგონია, რომ ახლა, ამას კითხულობ. მინდა, იცოდე, რომ ვამაყობ შენით, შენი შვილობით! მიყვარხარ და მენატრები, მამა!..

შენი ელენე“

ლევან ანწუხელიძე, 16 წლის, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში დაღუპული, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის, შვილი:

ამდენი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს გნახე, მაგრამ შენი მოგონება ყოველდღე ცოცხლობს ჩემს გულში.

ერთი წლისაც კი არ ვიყავი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემზარავი მოვლენების დროს. მე არ მაქვს მოგონებები ჩვენი ერთად ყოფნის შესახებ, მაგრამ შენზე მოსმენილი ისტორიებით ვიცი, როგორი მამა იყავი, როგორი ადამიანი. რაც უფრო ვიზრდები, უფრო მეტად ვიაზრებ, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა შენ მიერ გაღებულ მსხვერპლს ჩვენი ოჯახისა და ჩვენი ქვეყნისთვის.

ვისურვებდი, რომ მეტი დრო მქონოდა შენთან გატარებული. შემძლებოდა შენი ხმის მოსმენა და შენი მამობრივი სიყვარულის განცდა. წლების განმავლობაში, მე ვიტანდი შენი დანაკლისის სიმძიმეს, მაგრამ, ასევე, ამაყი ვარ შენი სიმამაცით, შენი თავგანწირვით, შენი გმირობით. შენ მასწავლე ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის, დამოკიდებულების დაცვა და უსამართლობის წინაშე დაუმორჩილებლობა.

ადვილი არ იყო, მამის გარეშე გაზრდა, მაგრამ ჩვენ, მე და ანა გარშემორტყმულნი ვიყავით ჩვენი ოჯახის და მეგობრების სიყვარულით, მხარდაჭერით. დედა იყო ჩვენი სიძლიერის საყრდენი, ის დღემდე გვინერგავს იმ ღირებულებებს და პრინციპებს, რომლებსაც შენ იცავდი!

გპირდებით, რომ ვიცხოვრებ იგივე შემართებით და გამბედაობით, რაც შენ გამოიჩინე. იმაზე მეტად მენატრები, ვიდრე სიტყვებით შემიძლია, გადმოვცე. ის მანუგეშებს, რომ შენ ზეციდან მიყურებ!..

შენ ჩემი და საქართველოს გმირი ხარ!

სიყვარულით, შენი შვილი ლევანი”

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის, შმაგი სოფრომაძის ვაჟის, 16 წლის ზაზას წერილი მამას:

უკვე 15 წელი გავიდა, რაც შენმა გმირობამ და პატრიოტობამ შეძრა ქვეყანა, მამა. ხშირად მიფიქრია, მე როგორ მოვიქცეოდი შენს ადგილზე, შევეგუებოდი სამშობლოს დამცირებას, საქართველოს დროშაზე ფეხს დავადგამდი და სიცოცხლეს შევინარჩუნებდი, თუ მტერს შენსავით არც მე მოვუხრიდი თავს და ამაყად შევხვდებოდი სიკვდილს. ვაი, ისეთ სიცოცხლეს, თუ ამ სიცოცხლისთვის, რუსებისთვის თავის დახრა და საკუთარი სამშობლოს შეურაცხყოფა გიწევს! ჩემი ცხოვრების მიზანია, რომ გავიზრდები, შენსავით მამაცი, გმირი ვიყო! ხშირად, ბებო რომ მიყურებს, ეტირება, ხოლმე, რადგან ჩემში შენ გხედავს, მე კი ვამაყობ, რომ შენ გგავარ!.. სულ იმას მეუბნება, პატარა შმაგი ხარო; დედაც შენ თავს მამსგავსებს და ყველა, ვინც კი გიცნობდა და მე, ამ დროს, ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვარ, სიხარულით ვივსები, რადგან არაფერია იმაზე უკეთესი მოსასმენი, თუ როგორ ჰგავხარ შენი ქვეყნის გმირს, უშიშარს და ერთგულ ადამიანს!

წარმოვიდგენ, ხოლმე, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, ეგ ომი რომ არ მომხდარიყო. ძალიან განვიცდი, რომ აღარ მყავხარ, მაგრამ, თან, ვამაყობ, რომ ვუფიქრდები, თუ რატომ არ ხარ ჩემს გვერდით! შენ ხომ, მტერს, თავი არ დაუხარე, არ შედრკი, ყველაზე ვაჟკაცურად მოიქეცი და ჩვენთვის ლეგენდად იქეცი, მამა! ხშირად, სიკვდილი, დამარცხებას არ ნიშნავს! შენ, შენი სიკვდილით, მტერზე გაიმარჯვე! შენ,მათ, ქედი არ მოუხარე, მიუხედავად იმისა, რომ იცოდი, ამის გამო მოგკლავდნენ, მაგრამ არ შეშინდი! მაოცებს შენი სიმამაცე და ქვეყნის სიყვარული,მამა! სულიერად ძლიერი ადამიანი თუ იზამდა ამას, ჩემო გმირო!

მამა, ახლა ჩემს მიზნებზე მოგიყვები. გადავწყვიტე, თავდაცვის აკადემიაში სწავლის გაგრძელება, რადგან მინდა, მეც შენსავით დავიცვა ქვეყანა, მეც შენსავით გმირი გავხდე და არასდროს მოგვიწიოს მტრისთვის თავის დახრა! მინდა, დამოუკიდებელი და გაერთიანებული საქართველო გვერქვას! ეს არის ჩემი მიზანი, მამა! შენს მისიას მე გავაგრძელებ, მამა, ჩემი იმედი გქონდეს! ყველაფერს ვიზამ, რომ ჩვენი სამშობლო გაერთიანდეს! მათ, შენ, წამებით მოგკლეს, მაგრამ მათ, ალბათ, არ იციან, რომ შენ დაგრჩა შვილები, რომლებიც შენსავით ვაჟკაცებად, გმირებად გაიზრდებიან და სამაგიეროს გადაუხდიან შენი სიკვდილის, საქართველოს გახლეჩის, ჩვენნაირი ბიჭების და გოგოების უმამობის, ჩვენი დედიკოს ცრემლების გამო! თუ საჭირო გახდა, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ და დავიცავთ ჩვენს სამშობლოს! არ დავუშვებ, რომ დამპყრობელმა ქვეყანამ გვაიძულოს, მათ წინაშე ქედი მოვიხაროთ! ჩვენი ქვეყნის მიწების წართმევას არავის ვაპატიებთ! ჩვენ დავიბრუნებთ ყველაფერს და არასდროს დავნებდებით!

ძალიან მიყვარხარ და მენატრები, მამა!

შენი ზაზა”

წყარო: სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები