შოთა გოგობერიშვილი 23 -წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს

ძალისმიერი სპორტის ყველა სახეობა ურთულესი და ძალიან შრომატევადია. სპორტსმენი მზად უნდა იყოს როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად, რადგან საკუთარი თავის რწმენის გარეშე ეს სპორტი წარმოუდგენელია.

შოთა გოგობერიშვილი ბავშვობიდან ვარჯიშობდა. ყოველთვის უნდოდა, რომ ძლიერი ყოფილიყო. რამდენიმე სპორტის სახეობა ცადა, მაგრამ საბოლოოდ თავისი ცხოვრება სტრონგმენს დაუკავშირა. ქობულეთში ახლახან ჩატარებულ აჭარის ღია პირველობაზე უძლიერეს მამაკაცთა შორისაც რაჭველმა ათლეტმა არავის დაუთმო და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

შოთა გოგობერიშვილი: „სოფელში არც დარბაზი იყო, არც ინვენტარი, მაგრამ რისი საშუალებაც იყო იმით ვვარჯიშობდი. ის ადრენალინი და ის ძალისმიერი შოუ, რასაც ვუყურებდი ტელევიზორში და შემდეგ საკუთარ თავზე ვიგრძენი მივხვდი, რომ სხვა სპორტი ამას ვერასდროს მაგრძნობინებდა, ალბათ, სწორედ ამიტომ ამოვირჩიე სტრონგმენი“.

შოთა გოგობერიშვილი ახლა 23 -წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც ნოემბერში, შოტლანდიაში გაიმართება.

შოთა გოგობერიშვილი: „ჩემ კარიერაში ეს ტურნირი ბევრ რამეს გადაწყვეტს და დიდი შანსი მაქვს ამ შეჯიბრებიდან ტიტულით დავბრუნდე. ჩემი მწვრთნელის, ფედერაციის და ოჯახის დახმარებით იმდენს მივაღწიე, რომ შემამჩნიეს მეც და მიმიწვიეს ასეთ შეჯიბრებაზე. საკუთარი თავი არ მენანება შრომისთვის, რომ  ჩემი ქვეყნის დროშა ხელში ღირსეულად დავიჭირო მსოფლიოს საუკეთესო იუნიორებს შორის“.

მიუხედავად იმისა, რომ შოთას საკუთარი თავი არ ენანება შრომისთვის, მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატების მისაღწევად საჭიროა სპონსორი, რათა მან შეჯიბრებაზე გამგზავრება შეძლოს და იმედია სპონსორიც გამოჩნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები