სანდრო ხუჭუა და მიხეილ იაშვილი პრაღაში სამეცნიერო ღონისძიებაზე მიიწვიეს

MACS[E]-ს ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტები სანდრო ხუჭუა და მიხეილ იაშვილი მიწვეულნი არიან სამეცნიერო ღონისძიებაზე, რომელიც პრაღაში 2023 წლის ივლისში ჩატარდება. ღონისძიების სპეციალურ სესიაზე ისინი წარმოადგენენ ნაშრომს “Inverse Design of Microwave Post-Wall Waveguides-based Filters”. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი თქმით, აღნიშნულ ღონისძიებაზე თავს იყრიან მეცნიერები, რომლებიც მუშაობენ ნანოტექნოლოგიებში, მანქანური სწავლების მეთოდების გამოყენებაში ელექტრო ინჟინერიაში და ელექტრომაგნეტიზმში.

სტუდენტები მუშაობენ ტოპოლოგიური ოპტიმიზაციის მეთოდის გამოყენებაზე მაღალ სიხშირეებზე (რამდენიმე ასეული გიგაჰერცი) მომუშავე დივაისების პარამეტრების ოპტიმალურად შერჩევაზე.

მსგავს თემაზე მუშაობდა ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის კურსდამთავრებული აკო აკოფიანი, რომელიც ახლა სწავლობს დოქტორანტურაზე აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტში (Iowa State University, Ames) მიკროელექტრონიკის კვლევით ლაბორატორიაში.

სანდრო და მიხეილი იხილავენ გაცილებით მცირე ზომის დივაისს და უსადაგებენ უფრო მძლავრ მეთოდს – ტოპოლოგიურ ოპტიმიზაციას, რომელიც  იძლევა უფრო ოპტიმალურ შედეგს დროის მცირე მონაკვეთში. ნაშრომის მომზადებაში მონაწილეობენ იაპონიის, აშშ-ს და გერმანიის სამეცნიერო ჯგუფები. თემის ხელმძღვანელია თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ ჯანდიერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები