საქართველო ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით და პროგრამით წარდგება

მწერალთა სახლისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის   ორგანიზებით, 6-9 მარტს საქართველო ბოლონიის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით და პროგრამით  წარდგება.

ბოლონიის წიგნის ბაზრობაზე 7 ქართველი გამომცემელი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის არიან გამომცემლობა ელფი, დიოგენე, ინტელექტი, არტანუჯი, სულაკაურის გამომცემლობა, შემეცნება და გამომცემლობა პალიტრა L.  ქართველი გამომცემლების გამოცემულ წიგნებთან ერთად სტენდზე გამოიფინება მწერალთა სახლის ხელშეწყობით სხვადასხვა ენაზე თარგმნილი ქართული ლიტერატურა და კატალოგები ქართველი ავტორებისა და საქართველოში მოქმედი გამომცემლების შესახებ.

ბაზრობის დამთვალიერებლებისთვის ილუსტრატორი, თათია ნადარეიშვილი საქართველოს ეროვნულ სტენდზე სამი დღის განმავლობაში  ვორქშოპებს გამართავს.

„ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობა 1963 წლიდან იმართება და საბავშვო ლიტერატურის მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო პლატფორმაა.  ბოლონიის ბაზრობის ფარგლებში მთავარი საბავშვო ლიტერატურული პრემიების, ჰანს ქრისტიან ანდერსენისა და ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ლაურეატებს გამოავლენენ. წელს ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე საქართველოდან წარდგენილები არიან გიორგი ჯინჭარაძე, ირმა მალაციძე და ნიქოზის ხელოვნების სკოლა”, – ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები